მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატმა 2024 წლის მშპ დააზუსტა - ზრდა 9.4%-ის ნაცვლად 9.7% იყო

საქართველო

საქსტატმა 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტებული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ გადაიხედა გასული წლის მშპ-ის ზრდის ტემპი, თუკი 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით გასული წლის ზრდა 9.4% იყო, ახალი შეფასებით გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 93 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც პირველადი შეფასებით განსაზღვრულ 91.9 მილიარდზე 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

გადაიხედა მშპ ერთ მოსახლეზე ზომა დოლარში და ის გასულ წელს 9,241 დოლარს შეადგენდა (ზრდა 100 დოლარი პირვანდელ შეფასებასთან შედარებით).

კონკრეტული სექტორების მიხედვით, შეფასების ზრდა დაკავშირებულია ვაჭრობის სექტორის ზომის დაზუსტებასთან. თუკი თავდაპირველად ვაჭრობის სექტორის ზომა 12.2 მილიარდ ლარად იყო შეფასებული, ის 12.4 მილიარდამდე გაიხედა. ასევე დამმუშავებელი მრეწველობის სექტორის ზომა 7.46 მილიარდი ლარიდან 7.84 მილიარდ ლარამდე გადაიხედა.

2024 წელს საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის სექტორს ჰქონდა, მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით ოპერაციები, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობა.

2024 წლის მშპ-ის განაწილება სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება

ეკონომიკური საქმიანობის სექტორები 2024 წლის მაჩვენებლები წლიური ზრდა/კლება
საბითუმო და საცალო ვაჭრობა 12,434 მილიონი ლარი 9.3%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 7,911 მილიონი ლარი 1.6%
დამმუშავებელი მრეწველობა 7,848 მილიონი ლარი 3.9%
მშენებლობა 6,894 მილიონი ლარი 12.2%
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა 5,547 მილიონი ლარი 15.5%
ინფორმაცია და კომუნიკაცია 5,160 მილიონი ლარი 24.6%
სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა 5,103 მილიონი ლარი 13.5%
ტრანსპორტი და დასაწყობება 5,072 მილიონი ლარი 11.2%
განათლება 4,551 მილიონი ლარი 28.2%
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 3,959 მილიონი ლარი 8.8%
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები 3,228 მილიონი ლარი 4.9%
ხელოვნება, გართობა და დასვენება 3,059 მილიონი ლარი 8.0%
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2,948 მილიონი ლარი 5.2%
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 1,968 მილიონი ლარი 19.8%
ენერგეტიკა 1,928 მილიონი ლარი -10.5%
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები 925 მილიონი ლარი 18.9%
სხვა სახის მომსახურება 801 მილიონი ლარი 4.3%
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 795 მილიონი ლარი 1.5%
წყალმომარაგება; კანალიზაცია; ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები 752 მილიონი ლარი 37.5%
შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის 95 მილიონი ლარი 4.1%

რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები