ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო ევგენიძე ქართველი ბიზნესმენების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. „საქმიანი დილის“ ეთერში ევგენიძემ მათი გზავნილები „რუსეთისადმი მონობის ძალიან მაღალ კლასად“ შეაფასა და მათ გზავნილებს „სამარცხვინო“ უწოდა.
„აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ბიზნესების განცხადებებს, რომელსაც ისინი აკეთებენ. ნამდვილად სამარცხვინოა მათი მოქმედებები. ეს არის არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის მხარდაჭერა, რასაც 35 წელია ისედაც აკეთებენ და სწორედ ამით გადიოდნენ ფონს და სწორედ ამიტომ არიან პოსტსაბჭოთა ბიზნესმენები და არა თანამედროვე დამოუკიდებელი საქართველოს ბიზნესმენები.
არ ვიცი, ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე დავით სარაჯიშვილი და აკაკი ხოშტარიაც ბიზნესმენები იყვნენ და ის ბეჩავი ადამიანებიც, რომლებიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში რაღაცებს პოსტავდნენ? ძალიან მებრალებიან იმ ყველაფრისთვის რაც შეიძლება მათ მოელოდეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, საქართველოს მოსახლეობიდან ის დემოკრატიული და ნათელი პროევროპული ძალები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მონობის, რუსეთისადმი მონობის ძალიან მაღალი კლასი გვიჩვენებს, მათაც აღარ მოუწიოთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.
ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა საზოგადოებისკენ ვისწრაფვით. ის ადამიანები რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილები და ის ბიზნესმენები რომლებიც გუშინ განცხადებებს ავრცელებდნენ, უნდა იცოდნენ რა სხვაობა მათ შორის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.“ - განაცხადა ევგენიძემ.