სარეზერვო მოთხოვნების ზრდა ბანკებს ხარჯებს მნიშვნელოვნად გაუზრდის - ასე აფასებენ საბანკო ასოციაციაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5%-ული პუნქტით გაიზარდა.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა BMG-ის განუცხადა, ეს გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შემცირებას უკავშირდება, თუმცა ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, ამას გარკვეული გავლენა საპროცენტო განაკვეთებზეც ექნება, მეტწილად სავალუტო დეპოზიტების სარგებელზე.
ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით რთულია შეფასება, რა მოცულობით შეამცირებს სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებას.
“სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე ხარჯებს მკვეთრად გაზრდის. სარეზერვო ნორმის 5%-ული პუნქტით გაზრდა საფინანსო სექტორისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. უნდა შევაფასოთ, მოუწევთ, თუ არა ცალკეულ ბანკებს დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შეზღუდვას უკავშირდება და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად ყველაზე ნაკლები ზიანი მიეყენებინა იმ პროცესისთვის, რაც ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის თუ დაფინანსების კუთხით მიმდინარეობს.
ვერ ვიტყვით, რომ სარეზერვო მოთხოვნის გაზრდამ პირდაპირ შეიძლება იმოქმედოს სესხების საპროცენტო განაკვეთებზე, რადგან უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ეს პირდაპირპროპორციულად არ აისახება, თანაც ამ ეტაპზე უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთები ისედაც მაღალია. ამას უფრო მეტად გავლენა უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ექნება და სავალუტო ანაბრებზე სარგებელს შეამცირებს”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.