საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს თავიანთი საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორის დაკრედიტების ზომამ 61.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 15%-ით, ანუ 8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა 1.03 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1.7%-ია. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კრედიტების ვადაგადაცილება მთლიანი პორტფელის 1.6% იყო, შესაბამისად, ამ მხრივ ბანკებში მცირედი ზრდა ფიქსირდება.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, თანხობრივად, ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სოფლის მეურნეობის სექტორში ფიქსირდება, რაც 96 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ამ სექტორის სესხების 3%-ია. მას რაოდენობრივად მოსდევს სასტუმროების სექტორი 83 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხებით, რაც პორტფელის 2.8%-ია, მესამეზე კი უძრავი ქონების დეველოპმენტი 81 მილიონი ლარის ვადაგადაცილებით, რაც ამ სექტორის კრედიტების 2.1%-ია.
რაც შეეხება თავად ვადაგადაცილების პროცენტს, ყველაზე დიდი მაჩვენებელი კაფეებისა და რესტორნების სექტორშია და ის 4.8%-ს შეადგენს, რაც თანხობრივად 40 მილიონი ლარია. მეორე ადგილზე არიან სამშენებლო კომპანიები (სამშენებლო კონტრაქტირები) 3.5%-იანი ვადაგადაცაილებით.
სექტორი | ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა მლნ ლარი | ვადაგადაცილების წილი |
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 40 მილიონი ლარი; | 4.8% |
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 34 მილიონი ლარი; | 3.5% |
სხვა | 10 მილიონი ლარი; | 3.3% |
მათ შორის: ექსპორტიორები | 22 მილიონი ლარი; | 3.2% |
ვაჭრობა (სხვა) | 67 მილიონი ლარი; | 3.0% |
სოფლის მეურნეობის სექტორი | 96 მილიონი ლარი; | 3.0% |
სასტუმროები და ტურიზმი | 83 მილიონი ლარი; | 2.8% |
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 12 მილიონი ლარი; | 2.5% |
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 54 მილიონი ლარი; | 2.5% |
უძრავი ქონების დეველოპმენტი | 81 მილიონი ლარი; | 2.1% |
მძიმე მრეწველობა | 19 მილიონი ლარი; | 2.0% |
სერვისი | 67 მილიონი ლარი; | 1.9% |
უძრავი ქონების მენეჯმენტი | 59 მილიონი ლარი; | 1.8% |
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 36 მილიონი ლარი; | 1.7% |
წარმოება (სხვა) | 13 მილიონი ლარი; | 1.7% |
ჯანდაცვა | 22 მილიონი ლარი; | 1.7% |
სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 29 მილიონი ლარი; | 1.6% |
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 8 მილიონი ლარი; | 1.4% |
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 6 მილიონი ლარი; | 0.8% |
სახელმწიფო ორგანიზაციები | 0.2 მილიონი ლარი; | 0.3% |
საფინანსო ინსტიტუტები | 2 მილიონი ლარი; | 0.2% |
ავტომობილების დილერები | 1 მილიონი ლარი; | 0.2% |
ენერგეტიკა | 4 მილიონი ლარი; | 0.2% |
ფარმაცევტიკა | 0 მილიონი ლარი; | 0.1% |
ტელეკომუნიკაცია | 0 მილიონი ლარი; | 0.0% |
ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 0 მილიონი ლარი; | 0.0% |
საბითუმო ლომბარდი | 0 მილიონი ლარი; | 0.0% |
რაც შეეხება ფიზიკური პირების კრედიტებს, მათ სულ 25.5 მილიარდი ლარის სესხები აქვთ ქართულ ბანკებში აღებული, საიდანაც ვადაგადაცილებულია 293 მილიონი ლარის სესხები, რაც პორტფელის 1.2%-ია. მათ შორის იპოთეკურ კრედიტებში ვადაგადაცილებაა 0.8%, ანუ 96 მილიონი ლარის სესხები, სამომხმარებლო სესხებში ვადაგადაცილებულია 163 მილიონი ლარის კრედიტები, რაც ამ კატეგორიის სესხების 1.4%-ია ვადაგადაცილებული. ბევრად მაღალია ვადაგადაცილება ოვერდრაფტების სესხებში, რაც 7%-ს (6 მილიონ ლარს) შეადგენს, საკრედიტო ბარათების სესხებში კი ვადაგადაცილებულია 14 მილიონი ლარის კრედიტები, რაც პორტფელის 3%-ია.