"ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ინსულინის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ქვეყანაში პრეპარატის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და პაციენტები ინსულინის გარეშე არ დარჩებიან.
სარჯველაძის თქმით, სამინისტრომ მშობლებსა და პაციენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალტერნატიული პრეპარატით მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს და ინსულინის ჩანაცვლება უსაფრთხოდ შეიძლება.
„მიუხედავად იმისა, რომ მეორე მედიკამენტზე არის მწარმოებელი კომპანიის მხრიდან გარკვეული წყვეტა მოწოდების თვალსაზრისით, საქართველოში ინსულინის მომარაგება არც შეწყვეტილა, არც შეფერხება ჰქონია და ის ხელმისაწვდომია. უბრალოდ, სხვა დასახელების ინსულინზეა საუბარი,“ – აღნიშნა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი საკითხის გარშემო უსაფუძვლოდ ცდილობდა აჟიოტაჟის შექმნას და მშობლებში პანიკური მოლოდინის გაჩენას.
„ბევრ ადამიანს, რომელიც შეეცადა პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მიზნით აჟიოტაჟური განცხადებები ეკეთებინა, წესით ბოდიშის მოხდა უნდა მოუწიოთ. მათ შორის მშობლების ნერვიულობისთვის,“ – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი განმარტებით, სახელმწიფოსა და მომწოდებელ კომპანიას შორის კომუნიკაცია უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწოდების პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა.
„კომპანიას პრობლემები აქვს გლობალურად, თუმცა მათგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ვალდებულებებს შეასრულებენ და თანამშრომლობა გაგრძელდება. არანაირი საუბარი ბაზრიდან გასვლაზე არ ყოფილა".
სარჯველაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს როგორც ექიმების კონსულტაციები, ისე საჭირო მხარდაჭერა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც შესაძლოა მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული კითხვები ჰქონდეთ.
bm.ge-მ Novo Nordisk-ს უკვე მიმართა კითხვებით, რეალურად რა გახდა ინსულინის მოწოდების პრობლემის განმაპირობებელი.




























