მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 4 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეიკრიბნენ მსახიობები და მოქალაქეები, რომლებიც დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. გადაწყვეტილებას მოჰყვა შეძახილები: სირცხვილი!, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს განსაზღვრა შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღესვე, სასამართლომ, აქციაზე დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია, ასევე ანზორ კვარაცხელია პატიმრობაში დატოვა.