მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ შშმ პირთა პარკირებაზე სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა

პარკ

საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა.

საქმე ეხებოდა შშმ პირთა გადაადგილებისათვის საჭირო პარკირების სპეციალურ პირობებს, რომლებიც მხოლოდ შშმ პირთა ნაწილზე ვრცელდებოდა, ხოლო ნაწილი პარკირების სპეციალური პირობით საერთოდ ვერ სარგებლობდა.

"სახალხო დამცველი საკრებულოს დადგენილების იმ ნორმატიულ შინაარსს ასაჩივრებდა, რომელიც შშმ პირთა გადაადგილებისთვის საჭირო პარკირების სპეციალურ პირობებს მხოლოდ შშმ პირების ნაწილზე, კერძოდ კი, მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისა და ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებზე ავრცელებდა. ხოლო, ქმედობაუნარიანობის ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები (რომელთაც არ აქვთ ქვედა კიდურის ამპუტაცია, თუმცა გააჩნიათ გადაადგილების სხვაგვარი შეზღუდვა) ვერ სარგებლობენ პარკირების სპეციალური პირობებით.

საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებული უნდა იყოს შშმ პირის სპეციალური სადგომით სარგებლობის ინდივიდუალურ საჭიროებასთან, კონკრეტულად, გადაადგილების უნარის შეზღუდვასთან", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შშმ პირებისთვის სპეციალური პარკირების პირობებით სარგებლობა არსობრივად დაკავშირებულია მათი დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვასთან, რის გამოც თითოეულ მათგანს ადაპტირებულ პარკირების ადგილების საჭიროება აქვს.

"სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, დადგენილია ბლანკეტური რეგულირება, რომლის პირობებშიც, საცნობი ნიშანი ენიჭება ყველა მკვეთრად გამოხატულ შშმ პირს, მათ შორის, მასაც, ვინც არ საჭიროებს გადაადგილების უნარის შეზღუდვიდან მომდინარე დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას.

აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმები საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობის მიღმა ტოვებს ზომიერად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს (გარდა ქვედა კიდურის ამპუტაციის მქონე პირებისა), რომლებიც, როგორც აღინიშნა, შესაძლოა, იყვნენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვის მქონენი. აღნიშნული მიდგომა, სასამართლოს მოსაზრებით, მოკლებულია რაციონალურ ახსნას.

შესაბამისად, დადგენილი დიფერენცირება არ არის რაციონალურ კავშირში იმ შშმ პირების ხელშეწყობასთან, რომლებიც გადაადგილებისას საჭიროებენ დახმარების განსაკუთრებულ აუცილებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო რეგულირება არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები