იურიდიული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები არბიტრაჟის ინსტიტუტისთვის საქმეების განხილვას ზღუდავს.
იურიდიული ფირმა BLC LAW-ში BMG-სთან განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ უკვე მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლითაც არბიტრაჟთან მიმართებაში არასწორი მიდგომა ჩამოყალიბდა.
კერძოდ, როგორც ირკვევა, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მხარის ადვოკატი საარბიტრაჟო ცენტრის სიის ჩამონათვალშია, აღნიშნულ არბიტრაჟს უფლება საერთოდ აღარ აქვს, კონკრეტული დავა განიხილოს.
კომპანიის მმართველი პარტნიორის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, მსგავსი მიდგომა არასამართლიანია და საერთაშორისო პრაქტიკასაც ეწინააღმდეგება.
„სასამართლოს მიერ რამდენიმე გადაწყვეტილებაა მიღებული, რომლითაც პრაქტიკულად არბიტრაჟის იდეა კვდება. საარბიტრაჟო ცენტრებში არბიტრთა სიებია, რომლიდანაც მხარეებმა შეიძლება აირჩიონ მათთვის სასურველი არბიტრი. ამ სიას ადმინისტრაციულად არბიტრაჟთან არანაირი შეხება არ აქვს. ჩვენმა სასამართლომ რამდენიმე ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამბობს, რომ თუკი არბიტრი რომელიმე სიაშია და ის მაგალითად, რომელიმე მხარის წარმომადგენელი, ადვოკატია, ასეთ შემთხვევაში ამ არბიტრაჟს არ აქვს უფლება განიხილოს დავა. მაგალითად, არის არბიტრაჟები, სადაც ნახევარი საქართველოს იურისტებია ჩამოთვლილი. გამოდის, რომ ამ არბიტრაჟს საერთოდ ვერანაირი გადაწყვეტილება ვეღარ მიუღია. ასეთი მიდგომა მე მსოფლიო პრაქტიკაში არ მახსენდება. მიდგომასთან გვაქვს საქმე, როდესაც სასამართლო არასწორად ზღუდავს არბიტრაჟების მიერ საქმის განხილვას. გამოდის, რომ სასამართლოს სურს არბიტრაჟის ინსტიტუტის მოკვლა, ასეთი გადაწყვეტილებების საფუძველზე სხვა დასკვნების გაკეთების უფლება უბრალოდ არ გვაქვს“, - განაცხადა ქეთი ქვარცხავამ.