მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები სამსახურში უნდა აღდგნენ, ტრამპის გადაწყვეტილება კი გაუქმდეს

ამერიკის ხმა

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ კვირამდე სამსახურში უნდა აღადგინოს „ამერიკის ხმის“ 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

როგორც CNN წერს, მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ემთხვევა წლისთავს, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ VOA დახურვისა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) სტრუქტურების დაშლის პროცესი დაიწყო.

აშშ-ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული "ამერიკის ხმა", რომელიც სხვადასხვა ენაზე მათ შორის, ქართულადაც მაუწყებლობდა, გასული წლის მაისიდან თითქმის სრულად გაჩერებულია.

თუმცა როგორც CNN იუწყება, ახლა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, VOA-ს საინფორმაციო გამოშვება და პროგრამები უნდა აღდგეს. მაუწყებლის ცნობითვე, "ამერიკის ხმის" ათასზე მეტი თანამშრომელი ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ შვებულებაშია, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლები გათავისუფლების სანაცვლოდ კომპენსაციას იღებდნენ.

გასული წლის ივნისში USAGM-ის ხელმძღვანელობის მრჩეველმა, კერი ლეიკმა „ამერიკის ხმის“ დარჩენილი თანამშრომლების უმეტესობაც დაითხოვა სამსახურიდან. შედეგად, „ამერიკის ხმის“ ინგლისურენოვანი და რეგიონული სამსახურები, მათ შორის ქართული რედაქციის საიტი მარტის შუა რიცხვებიდან აღარ განახლებულა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის მიერ VOA-ს სამართავად შერჩეული კერი ლეიკი და სხვა მოპასუხეები „უკანონოდ აფერხებდნენ სააგენტოს საქმიანობას“. თავის მხრივ ლეიკი არ ეთანხმება სასამართლოს განჩინებას და გასაჩივრებას აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები