იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი დროებითი კომისია მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარალიზების რისკი დგება.
საქმე ის არის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
“22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საჩივარში ითხოვდა პრეზიდენტის განკარგულების ბათილად ცნობას, გადაწყვეტილების დროებით შეჩერებას და მის დანიშვნას საბჭოს წევრად. მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილებამდე დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოიყენა და განკარგულების მოქმედება შეაჩერა. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება პრობლემურია და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოსამართლემ გარდა განკარგულების შეჩერებისა, პრეზიდენტს აუკრძალა 5 თვის განმავლობაში კონკურსის გამოცხადება, ან რაიმე სხვა ქმედების განხორციელება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხვა წევრის დასანიშნად.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლე ლია ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუციით განსაზღვრული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ უგულებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დასაწყისი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას პრეზიდენტის საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ ამ გზით სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე, პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ აღიჭურვა თავი უფლებამოსილებით, თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ - არა”, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე გურამ იმნაძემ და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პარალიზების რისკი ჩნდება.
გურამ იმნაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ზიანის მომტანი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.