მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

კახა წიქარიშილი

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

"კომისიამ დაამთავრა მუშაობა, წარმოუდგინა პრეზიდენტს ორი კანდიდატურა. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება, კახა წიქარიშვილის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე,“ - ამბობს მსხილაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ გასაუბრება გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეებთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, გიორგი ბურჯანაძესთან, თამარ ალფაიძესთან, დიმიტრი გაბუნიასა და კახა წიქარიშვილთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასაუბრების შემდეგ კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა. შესარჩევმა კომისიამ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშვნის მიზნით, რეკომენდაცია გაუწია გიორგი ბურჯანაძეს და კახა წიქარიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.

ვინ არის კახა წიქარიშვილი?

მისი რეზიუმეს მიხედვით, წიქარიშვილი "უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორია.

განათლება:

1999 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2004 წელს დაამთავრა ამერიკის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის სამართლის კოლეჯი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

კახა წიქარიშვილი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

სამუშაო გამოცდილება:

1998-1999 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ლაბორანტად. 1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის თანაშემწედ. 2001 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის პროგრამის ”Court Management Associates” იურისტად. ამავე პერიოდში, 2001-2004 წლებში, მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA CEELI) იურისტად. 2004-2005 წლებში განაგრძო მუშაობა (EUJUST THEMIS) ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიაში თანაშემწედ სამართლებრივ საკითხებში. 2005-2007 წლებში იყო ნორვეგიის კანონის უზენაესობის საქართველოს მისიის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში. 2007-2011 წლებში მუშაობდა სასამართლოს ადმინისტრირების და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის (USAID JAMR) ხელმძღვანელის მოადგილედ. 2005 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში შედარებითი სისხლის სამართლის კურსის ლექტორად. 2012 - 2013 წლებში, ასევე 2016-2018 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, ხოლო 2013 -2015 წლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, ხოლო 2016 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე.

მშობლიურის გარდა, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და იტალიურ ენებს. საშუალოს - გერმანულს და რუსულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები