მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სასაუბრო ბევრი გვაქვს“ - საქართველო-სომხეთის სამთავრობოთშორისი კომისიის 11-ე სხდომა იმართება

61c051d187423
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.21 14:30
381
„სასაუბრო ბევრი გვაქვს“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ დღეს 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ პაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია და ის მიმართულებები დაასახელა, რომელზეც დღეს სხდომაზე ისაუბრებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ სახელმწიფოებთან და მათ შორის სომხეთთან ეკონომიკური საკითხების პერიოდული განხილვა. სამთავრობოთაშორისი კომისიები ერთ-ერთი საუკეთესო ფორმატია. საქართველო - სომხეთის სამთავრობოთშორისი კომისიის 11-ე სხდომა იმართება უკვე, რაც ასევე იმის მანიშნებელია რაოდენ ინტენსიურია სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები.

ჩვენ ერთმანეთში მზარდი სავაჭრო დინამიკა გვაქვს, ტოპათეულში ყოველთვის არის სომხეთი. ბოლო მონაცემებით, მეშვიდე ადგილზეა. სომხური კაპიტალით შექმნილი 400-მდე მეტი კომპანია საქმიანობს საქართველოში. 2003 წლიდან სომხეთიდან ინვესტიციებიც ირიცხება და სომხეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინვესტორი სახელწმიფოა.

განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს, აქაც მზარდი დინამიკა გვაქვს, ასევე ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილია ახალი პროექტები მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების პროექტები, რომელიც არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის გააძლიერებს ელექტროენერგიის მიმოცვლას, არამედ ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გამოყენებაც შეეძლებათ სომხეთი გენერაციის ობიექტებს.

აქედან გამომდინარე, სასაუბრო ბევრი გვაქვს და ეს კომისია იქნება კიდევ ერთ ნაბიჯი ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებისკენ“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები