მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების ნახევარზე მეტი გაუმართავობის გამო ვერ დაფრინავს - აუდიტი

64258d1722fea
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.23 18:08
768
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია უწყების შემადგენლობაში არსებული საჰაერო პარკის შესახებ, რომელიც აუდიტის შეფასებით, არასახარბიელო მდგომარეობაშია.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასაზღვრო პოლიციის საკუთრებაშია 13 შვეულმფრენი, საიდანაც 7 უმოქმედო/სარემონტოა, ერთი მაკეტია, ხოლო ფრენა მხოლოდ 5 ვერტმფრენს შეუძლია.

ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ ეს საჰაერო საფრენი საშუალებები 1987-1992 წლებში არის გამოშვებული, ხოლო მათი ექსპლოატაციის პირველადი ვადა 30 წელს შეადგენდა, რაც შემდგომში მწარმოებელმა 40 წლამდე გაზარდა. აუდიტის სამსახურის თანახმად, ქვეყანაში ხანძართან ბრძოლა და სამაშველო ოპერაციები სწორედ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ხდება.

ვერტმფრენების გარდა, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზეა ორი თვითმფრინავიც, რომელთაგან ორივე ტექნიკურად გაუმართავია.

“ავიაციის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში არსებული საავიაციო პარკი მოძველებულია და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში გაუმართავია, რის გამოც ისინი განთავსებულია საავიაციო სადგომზე, ღია ცის ქვეშ, განიცდიან მზისა და ატმოსფერული ნალექების უარყოფით ზემოქმედებას. აღნიშნულის შედეგად მცირდება მათი საბაზრო ღირებულება. ამასთანავე, გამოუყენებელ საფრენ აპარატებს ესაჭიროება მოვლა-შენახვა, რისთვისაც იხარჯება როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური რესურსები,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

რა მდგომარეობაშია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საავიაციო პარკი - აუდიტის ანგარიში:

“არსებული მდგომარეობით, უწყებაში არ არსებობს ჩამოყალიბებული საფრენი აპარატების პარკის ოპტიმიზაცია-მოდერნიზაციის სტრატეგია და შესაბამისი ბიუჯეტით ან/და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებით გარანტირებული გეგმა-გრაფიკი. აქედან გამომდინარე, საფრენი აპარატების რემონტი ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობისა და არსებული შესაძლებლობების მიხედვით, ნაცვლად წინასწარ გაწერილი, არგუმენტირებული სამოქმედო გეგმისა.

სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში არსებული საავიაციო პარკი მოძველებულია და არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

აღნიშნული თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი, გარდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებისა, მოითხოვს სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარებას რუსეთის ფედერაციის შესაბამის საწარმოებთან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათი კაპიტალური რემონტის განხორციელებას. სამმართველოს ეკუთვნის VIP კონფიგურაციის ტიპის 2 შვეულმფრენი, რომლებიც რემონტის საჭიროების გამო, ასევე არ გამოიყენება.

სამმართველოს ხელმძღვანელობის აზრით, სახელმწიფო ინტერესებისათვის უმჯობესია ზემოთ მითითებული თვითმფრინავების და, მინიმუმ, ერთი შვეულმფრენის რეალიზაცია.

სამმართველოს კუთვნილი ორივე თვითმფრინავი და 6 სარემონტო შვეულმფრენი წლების განმავლობაში განთავსებულია ღია ცის ქვეშ, რადგან სამმართველოს არ გააჩნია საკმარისი ფართის და აღჭურვილობის ანგარი, სადაც შესაძლებელი იქნება განთავსდეს აღნიშნული საფრენი აპარატები, კლიმატური პირობების მავნე ზეგავლენის შესამცირებლად. ამასთანავე, გამოუყენებელ საფრენ აპარატებს სისტემატურად უტარდება შესაბამისი მოვლა-შენახვის სამუშაოები .

სამმართველოს განკარგულებაში არსებული შვეულმფრენების დიდი ნაწილი (12-დან 8 ერთეული) რუსული წარმოებისაა და გამოშვებულია 1987-1992 წლებში. მათთვის მწარმოებლის მიერ დადგენილი იყო ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა - 30 წელი, თუმცა სამმართველოს ხელმძღვანელობის განმარტებით, იმავე მწარმოებლის მიერ ვადა გაგრძელებულია 40 წლამდე.

სასაზღვრო პოლიციის და სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს დებულებების მიხედვით, სამმართველოს, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ევალება ისეთი განსაკუთრებული ამოცანების შესრულება, როგორიცაა, სამაშველო ღონისძიებების განხორციელება საგანგებო სიტუაციების დროს (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) და სახელმწიფოს მაღალი რანგის თანამდებობის, აგრეთვე მათი თანმხლები პირების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, თუმცა არ არის მითითებული თუ რა სახის დოკუმენტი უნდა იყოს წარდგენილი უშუალოდ ავიაციის მთავარი სამმართველოსათვის, რათა განხორციელდეს ე.წ. ლიტერული ფრენა.

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ყველა გაფრენა ხორციელდება შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, თუმცა ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული, თუ რა აუცილებელი მონაცემები უნდა აისახოს ბრძანებაში. არსებული მდგომარეობით, შსს-ს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, შვეულმფრენები არ გააჩნია, ამიტომ ტყის მასიური ხანძრების ჩასაქრობ და ძნელად მისადგომ ადგილებში სამაშველო ოპერაციებს, სასაზღვრო პოლიციის ძალები ატარებენ.

სამმართველოში და სასაზღვრო პოლიციის ცენტრალურ აპარატში არ რჩება დოკუმენტი, თუ რა სახის სამაშველო ოპერაციაში (ცალკეა გამოყოფილი ხანძრების შემთხვევები) მონაწილეობდა სამსახური და რა შედეგით დასრულდა კონკრეტული გაფრენა. ასევე, რომელი თანამდებობის პირი და რა მიზნით იქნა გადაყვანილი ბრძანებაში მითითებულ დანიშნულების პუნქტში. ბრძანებებში საფუძვლად ძირითადად მითითებულია დებულების ზოგადი ნორმები და არა კონკრეტული გაფრენის საფუძველი. ასევე, უმეტეს შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მიმართვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ იქნა მიღებული რწმუნება ე.წ. ლიტერული ფრენების განხორციელებისათვის შესაბამისი წერილობითი მიმართვის მიღებისა და დასაბუთებულობის შესახებ. ამავე დროს, ვერ იქნა მოპოვებული ინფორმაცია ზოგიერთი სამაშველო გაფრენის მიზნებისა და შედეგების შესახებ,”- ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები