მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი სამრეწველო ემისიების კანონპროექტს განიხილავს

631890fe1e61d
მარიამ ვარადაშვილი
07.09.22 20:00
500
მთავრობამ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე პარლამენტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. 

გეგმაში წერია, რომ ცვლილებას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

"კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტების რეგულირების ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს ემისიებს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციასა და ექსპლუატაციის ადგილის აღდგენას ობიექტის საბოლოო დახურვის შემდგომ. ამასთან, ნებართვების გაცემა და ემისიის ზღვრული მნიშვნელობები შეთანხმებულ დასკვნებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ და ევროპის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ საუკეთესო ხელმისაწვდომი ხერხების სახელმძღვანელო დოკუმენტებს ეფუძნება. 

შემოდის გარემოსდაცვითი შემოწმებების განსხვავებული სისტემა, რომლის მიხედვით ობიექტების გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ობიექტების სავალდებულო შემოწმების დანერგვა და არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებისათვის და 3 წელიწადს - ყველაზე დაბალი რისკის მქონე ობიექტებისათვის", - მითითებულია გეგმაში. 

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობისას ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის აქტიური თანამშრომლობა, სწორედ ამიტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან, ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ბიზნესებზე, რომელიც დაკავებულები არიან სამრეწველო საქმიანობით. ასოციაციის მიზანია, აღნიშნულ კანონზე მუშაობისას დაცული იყოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ბიზნეს სექტორისა და წევრი კომპანიების საუკეთესო ინტერესები, ვინაიდან, წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები