მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტორო უფლებების კანონში ცვლილებები EU-ს ნორმებს არ შეესაბამება - მიმართვა პარლამენტს

64a679e0b0652
თამთა ჯიჯავაძე
06.07.23 12:25
558

საავტორო უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს და საქპატენტს შენიშვნების კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნეს. საუბარია ორგანიზაციების - CISAC-ის, SCAPR-ის და IFRRO-ს საერთო წერილზე, სადაც ისინი აცხადებენ, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები საერთაშორისო და ევროკავშირის ნორმებს არ შეესაბამება.

საერთაშორისო ორგანიზაციების წერილში ხაზგასმულია ცვლილებების რამდენიმე მთავარი პრობლემა, მათ შორის, აკრედიტაცია დ მისი კრიტერიუმები, ახლადაკრედიტირებული ორგანიზაციის სამართალმეკვიდრეობა, მენეჯმენტის ხარჯების ზედა ზღვარი, ტარიფის დადგენა და ა.შ.

ორგანიზაციები ვრცლად განმარტავენ პრობლემებს და პარლამენტს ევროკავშირის ნორმების შესაბამის გამოსავალსაც სთავაზობენ.

„რაც შეეხება აკრედიტაციის პროცესის კრიტერიუმებს, გვიჭირს გაგება, თუ რა საჭიროა ისეთი დებულების შემოღება, როგორიცაა „გაფორმებული უმეტეს მსგავს უცხოურ ორგანიზაციასთან, რომელთა რეპერტუარიც ფარავს ქართული ნაწარმოებების მნიშვნელოვან ნაწილს რომელიც უცხოეთში სრულდება“. ეს არის დაუსაბუთებელი, ექსტერიტორიული გადაწყვეტა. ქართული ნაწარმოებების ეფექტური მენეჯმენტის შეფასება უცხოეთში ვერ მოხდება და ვერც გაკონტროლდება ქართული ორგანოების მიერ, რადგან ის რჩება მთლიანად უცხოეთის ქვეყნების იურისდიქციაში.

ვერ ვხედავთ 6-თვიანი, პირობითი აკრედიტაციის საჭიროებას, რომელიც, თუ დარჩება კანონპროექტში, თან უნდა ახლდეს დამატებითი გარანტიები, რომ არ იქნება ბოროტად გამოყენებული შეუსაბამო, ზიანის მომტანი CMO-ბის მიერ. ამ პრობლემის ერთ-ერთი გადაჭრა შეიძლება იყოს შემდეგი - აკრედიტაცია მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ აპლიკანტი თავიდანვე წარმოადგენს უცხოური ორგანიზაციების წერილს, რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკანტს უკვე ჰქონდა მათთან კონტრაქტი და, შესაბამის ვადაში, გააფორმებს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებას,“ - აღნიშნავენ ექსპერტები.

CISAC-ს, SCAPR-სა და IFRRO-ს კითხვები აქვთ მენეჯმენტის ხარჯების ზედა ზღვარის დაწესებასთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, ზედა ზღვარის დაწესება არ შეესაბამება 2014 წლის ევროკავშირის დირექტივას კოლექტიური მართვის შესახებ. რაც შეეხება ტარიფის დადგენის ნაწილს, ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კომიტეტმა, გარკვეულწილად, გაითვალისწინა მათი რეკომენდაცია, თუმცა, კანონპროექტში არ არის მითითება ორგანიზაციის მიერ მიწოდებული სერვისების ეკონომიკურ ღირებულებასთან დაკავშირებით. წერილში ნათქვამია, რომ ეს ნაწილიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დირექტივაში.

ცნობისთვის, სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და საქპატენტს, კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნებით აქამდე ორჯერ უკვე მიმართა, თუმცა, როგორც ბოლო წერილიდან ირკვევა, კომიტეტმა მათი რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი გაითვალისწინა და შედეგად, კანონი საერთაშორისო და ევროკავშირის ნორმების შეუსაბამოა.

ცნობისთვის, პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით, მხარი 3 ივლისს დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები