შობადობის ტრენდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მოსწავლეების რაოდენობის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში დემოგრაფიული ტენდენციები მიუთითებს სასკოლო ასაკის მოსახლეობის ეტაპობრივ შემცირებაზე, რაც ხანგრძლივად დაბალი შობადობით არის განპირობებული.
შედეგად, 2030/31 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 7.6%-ით შემცირებაა მოსალოდნელი 2025/26 წელთან შედარებით, გალტ ენდ თაგარტის პროგნოზით.

Galt&Taggart-ის მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირების ფონზე, კერძო სკოლების ზრდა ძირითადად ბაზრის წილის ზრდასა და მოთხოვნის ახალ წყაროებზე იქნება დამოკიდებული. ესენია:
მოსწავლეების გადასვლა საჯარო სკოლებიდან კერძო სკოლებში - კერძო სკოლების ზრდის მთავარი შესაძლებლობა - საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია კერძო სკოლების წილის ზრდა მოსწავლეთა საერთო რაოდენობაში, არსებული 11%-დან ევროკავშირის ნიშნულებამდე (16-25%). კერძო სკოლებში მოსწავლეთა მიგრაციას ხელს შეუწყობს როგორც შემოსავლების ზრდა, ისე ოჯახების მზარდი მოლოდინები საგანმანათლებლო შედეგების მიმართ.
უცხოელი ოჯახები საქართველოში - 2022 წლის შემდეგ, მიგრაციის ტალღამ გაზარდა უცხოელი ოჯახების მოთხოვნა საერთაშორისო სასწავლო პროგრამების მქონე სკოლებზე. ეს წარმოადგენს დამატებითი მოთხოვნის რეალურ, თუმცა არასტაბილურ წყაროს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე.
კონსოლიდაცია შერწყმისა და შესყიდვების (M&A) გზით - სექტორში კონკურენციისა და ხარჯების ზრდის ფონზე, სუსტი ოპერატორების ბაზრიდან გასვლა ხელს შეუწყობს კერძო სკოლების სექტორის კონსოლიდაციას. ბოლო ათწლეულში 41 კერძო სკოლის დახურვა მიუთითებს, რომ ბაზარზე დარჩენისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასშტაბი, ეფექტიანობა და ხარისხის შენარჩუნების შესაძლებლობა.
მიმოხილვაში ასევე წერია, რომ საშუალო კლასის მოსახლეობის ზრდა ხელს შეუწყობს კერძო სკოლებზე მოთხოვნის ზრდას.კერძოდ, Galt&Taggart-ი მიუთითებს, რომ 2,500 ლარზე მეტი ხელფასის მქონე დასაქმებულთა წილი 2025 წელს 25%-მდე გაიზარდა, 2019 წელს არსებული 7%-დან, რაც კერძო განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.
"კერძო განათლების მიმართ ხელმისაწვდომობისა და მზაობის ზრდა აისახება განათლებაზე გაწეული ხარჯების ზრდაში. 2024 წელს მოსახლეობის მიერ განათლებაზე გაწეული წლიური ხარჯი 70.9%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით", - წერია მიმოხილვაში.




























