მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშუალოვადიან პერიოდში გაცვლით კურსზე გავლენა აქვს ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს - ეროვნული ბანკი

თამთა სოფრომაძე

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე BMG-ის გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი საშუალოვადიან პერიოდში განპირობებულია ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორების მიერ, ხოლო მოკლევადიან პერიოდში მოლოდინების გავლენით შესაძლებელია კურსს მერყეობა ჰქონდეს.

კითხვაზე, თუ რა ინტერვენციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი თამთა სოფრომაძემ განაცხადა, რომ ნოემბერში სებ-მა გაყიდვის ნაცვლად 125 მილიონი დოლარი შეისყიდა, ხოლო დეკემბერში განხორციელებული ოპერაციები მომდევნო თვეში გახდება ცნობილი.

“ინტერვენცია მოიცავს ორივე მიმართულებით, შესყიდვის და გაყიდვის კუთხით ნაბიჯებს, ამასთან კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და საშუალოვადიან პერიოდში კურსი არის ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების შედეგი. ხოლო, მოკლევადიან პერიოდში მოლოდინებმა და სხვა ფაქტორებმა შეიძლება მერყეობები გამოიწვიოს. გარკვეულმა მოლოდინებმა თვის დასაწყისში კურსი გააუფასურა, თუმცა ამჟამად კურსს გამყარების ტენდენცია აქვს. ეს თანხვედრაშია იმასთან რასაც ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ კურსი ყოველთვის დგინდება მაკროეკონომიკური ფაქტორებით, ხოლო მოკლევადიან პერიოდში მასზე მოლოდინები მოქმედებს.

რაც შეეხება Bmatch პლატფორმით შესყიდვებსა და გაყიდვებს, ამის შესახებ მოგეხსენებათ თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ. რაც შეეხება ნოემბრის მდგომარეობით, მოგეხსენებათ სებ-მა შესყიდვა განახორციელა და წმინდა შესყიდვა დაახლოებით 125 მილიონი დოლარი იყო,”- განაცხადა თამთა სოფრომაძემ.

გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული დღეების განმავლობაში ეროვნული ბანკის მხრიდან მცირე ინტერვენციებს ჰქონდა ადგილი.

28 ნოემბერს ქართული ოცნების განცხადებას, რომ 2028 წლამდე თავად არ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხს დღის წესრიგში, ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ერთი დოლარის ღირებულება, რაც აღნიშნულ პერიოდში 2.74 ლარს შეადგენდა, 4 დეკემბერს 2.87 ლარამდეც გაიზარდა, როგორც ირკვევა ლარის კურსის შედარებითი გამყარება შემდგომ პერიოდში სებ-ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები