მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი“ – „აგროსფეროს“ სტიპენდიატი

სტიპენდია
16.07.24 11:31
286

ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ მე-3 წელია, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებს ახორციელებს. პროგრამების მიზანი აგრომეურნეობის პოპულარიზაცია, დარგით მეტი ახალგაზრდის დაინტერესება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა.

წელს „აგროსფერომ“ პროგრამაში მონაწილეთა რიცხვი გააორმაგა და სტიპენდია მაღალი მოსწრების III-IV კურსის 6 სტუდენტს დაუნიშნა. მათ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცემათ შესაძლებლობაც, რომ პრაქტიკა-სტაჟირება კომპანიის სერვისცენტრებში, სადემონსტრაციო სათბურში, სადემონსტრაციო ვენახში, სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის წარმოებაში, მექანიზაციის სერვისში, პარტნიორი ფერმერების ნაკვეთებსა და სათბურებში გაიარონ.

გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ინტერვიუების სერია, რომელიც „აგროსფეროს“ სტიპენდიატებს ახლოდან გაგაცნობთ. ამჯერად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის IV კურსის სტუდენტს, ნია სულაძეს ვესაუბრეთ.

- ნია, როგორ გაიგეთ „აგროსფეროს“ სტიპენდიის შესახებ და იცნობდით თუ არა მანამდე კომპანიის საქმიანობას?

„აგროსფერო“ ხშირად არის წარმოდგენილი აგრარული უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმების ფორუმებზე, ამიტომ კომპანიას მანამდეც ვიცნობდი. ამასთან ერთად, უნივერსიტეტში მოქმედებს აგროპროექტი, რომელიც პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს. ამ საგნისთვის მაღალი ხარისხის სათესლე მასალებს, პრეპარატებსა და სხვა საჭირო პროდუქციას სწორედ „აგროსფერო“ გვაწვდის. სტიპენდიის შესახებაც მქონდა ინფორმაცია და მას შემდეგ, რაც ჩემი ერთ-ერთი კურსელი გახდა სტიპენდიატი, გადავწყვიტე ბედი მეც მეცადა.

- თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებისთვის?

პირველ რიგში, ძალიან დიდი სტიმული ეძლევა სტუდენტს, რომ მეტად ჩაერთოს სწავლის პროცესში. სასიამოვნოა, როცა ხედავ, როგორ ფასდება შენი შრომა და ცოდნის შეძენის სურვილი. გარდა ამისა, ამ ტიპის პროგრამები არის საშუალება გაიღრმაო ცოდნა და მიიღო დამატებითი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით.

- როდის დაინტერესდით სოფლის მეურნეობის დარგით?

მე-8 კლასში იყავი, როდესაც კახეთში, ერთ-ერთ ვენახში აღმოვჩნდი. მაშინ მივხვდი, რომ არ მინდოდა ოფისში ჯდომა და მერჩივნა ჩემი საქმიანობა ბუნებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. თავიდან მეღვინეობაზე ჩავაბარე, მაგრამ მიმართულება შევიცვალე და ახლა აგრონომიის პროგრამაზე ვსწავლობ. მე-4 კურსის ბოლოს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრ სფეროს შევეხე და შევისწავლე არა მარტო მევენახეობა, არამედ მეხილეობა, მეკენკრეობა, მეთხილეობა და ა.შ.

- თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს სოფლის მეურნეობა საქართველოში?

მგონია, რომ სოფლის მეურნეობის დარგი ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის. ხშირად ჩვენი თაობის წარმომადგენლებს მათი წინაპრების დატოვებული მეურნეობის მოვლა არ ეხალისებათ და ქალაქში დასაქმებას არჩევენ. ეს გასაგებიცაა, რადგან რეგიონები არ არის ისეთი განვითარებული, რომ იქ დაფუძნება ბევრმა მოინდომოს. ამ პრობლემის გადაჭრისთვის კი მეტი ხელშეწყობაა საჭირო, აუცილებელია რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაც.

- ნია, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მართალია მე-4 კურსზე ვარ და ბევრი რამ უკვე შევისწავლე, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებლად დამჭირდება ცოდნის გაღრმავება. ამასთან ერთად, ვაპირებ აგრობიზნეს მენეჯმენტი შევისწავლო ან გავიარო დამატებითი კურსები, რათა აგრომეურნეობის ფინანსურ საკითხებში გარკვევაც შევძლო. საბოლოოდ კი, იმედი მაქვს, ჩემი ცოდნითა და შრომით გარკვეულ წვლილს შევიტან საქართველოში აგრონომიისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები