მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის" წევრის, განათლების ექსპერტ გიორგი ჭანტურიას შეფასებით, სკოლებში უფასო კვების დანერგვა „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის.
„ეს ერთადერთ რამეს აჩვენებს - პოლიტიკური ნება არ არის... ბავშვების აკადემიური მოსწრება, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პრიორიტეტი არაა“, - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განათლების ექსპერტმა, რომელიც ბევრი წელია, სკოლებში უფასო კვების შემოღებას ლობირებს.
საქმე ის არის, რომ საქართველოში, სკოლებში უფასო კვება არც 2026 წლიდან დაიწყება - განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდების სამინისტროს 2 მილიარდ 700 მილიონიან ბიუჯეტში უფასო სასკოლო კვების პროგრამისთვის თანხა არ ჩანს.
„თუკი რესურსი არსებობს სასკოლო ფორმებისთვის, სასკოლო ფორმაზე და დეკორაციაზე უკეთესი, ვფიქრობ, [არის კვება]. არცერთი კვლევა არ აჩვენებს, რომ სასკოლო ფორმა რამენაირ კორელაციაში არის განათლების ხარისხთან, აკადემიურ მოსწრებასთან“, - აცხადებს გიორგი ჭანტურია.
განათლების ექსპერტისთვის არადამაჯერებელია განათლების მინისტრ გივი მიქანაძის არგუმენტი, რომ თითქოს უფასო კვების პროგრამის დაწყებას ხელს სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის. ის მიიჩნევს, რომ სკოლებში უფასო კვების პროექტის საპილოტე რეჟიმში მაინც ჩაშვება შესაძლებელი იყო.
„ცხადია, არანაირად არ არის მყარი [მინისტრის არგუმენტი] ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება... ინფრასტრუქტურის პრობლემა შეიძლება, 10 წელი კიდევ ვერ მოვაგვაროთ“, - აღნიშნა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და იქვე დასძინა, რომ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პროგრამის დასაწყებად „საუკეთესო ინფრასტრუქტურის“ მოლოდინი არ არის საჭირო, რადგან არსებობს უამრავი ვარიანტი. მაგალითად:
• მიტანის მეთოდი (დისტრიბუცია);
• შერეული მოდელი, სადაც მცირე სკოლებში თემთან შეთანხმებით, ადგილობრივ ოჯახებს შეუძლიათ საკვები მოამზადონ.;
• საპილოტე პროგრამის დაწყება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ან დაწყებით საფეხურზე.
ექსპერტმა ინტერვიუში მიანიშნა მინისტრების ხშირ ცვლაზეც, როგორც სისტემის არასტაბილურობის ნიშანზე, რაც ხელს უშლის თანმიმდევრულ პოლიტიკას.
გიორგი ჭანტურია ხაზს უსვამს, რომ განვითარებულ ქვეყნებში სასკოლო კვება განიხილება არა მხოლოდ სოციალურ პროექტად, არამედ - „განათლების უფლების რეალიზებისთვის საჭირო ნაწილად“.
„იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ერთადერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი სკოლაა, იქ სასკოლო კვების პროგრამას შეგვიძლია [ამის პრაქტიკაც არსებობს] მივაბათ, გახანგრძლივებული პროგრამები, არაფორმალური განათლების კომპონენტი და ასე შემდეგ - ბევრი სხვა რამ... აღსანიშნია ეკონომიკური კომპონენტიც - კვლევების თანახმად, სასკოლო კვებაში ჩადებული ერთი დოლარი წლების შემდეგ, ცხრა დოლარის ამონაგებს იძლევა... ამდენად, შეიძლება ყველა სკოლაში ერთდროულად არ დაწყებულიყო პროექტი ან ყველა კლასის მოსწავლეები ვერ მოეცვა, მაგრამ როგორც მინიმუმ, საპილოტე პროგრამა აქამდე უნდა გვქონოდა“, - აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ.
„წერტილთან“ ინტერვიუში განათლების ექსპერტმა მშობლების და საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სკოლების უფასო კვების დანერგვით რაღაც არაორდინალურს არ ვითხოვთ. საერთაშორისო გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მაგალითად, მეზობელ სომხეთში უკვე ამოქმედდა სასკოლო კვების პროგრამა და 100 000-ობით მოსწავლე ჰყავთ ჩართული. თავდაპირველად, პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით დაიწყო და [ახლა უკვე ბიუჯეტიდან ფინანსდება]; სამწუხაროდ, ჩვენთან საერთაშორისო ორგანიზაციებს ქვეყნის მტრებად მიიჩნევს [მმართველი პარტია]“, - თქვა გიორგი ჭანტურიამ.
ცნობისთვის: BMG-მ მოიძია განათლების სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს დააკვეთით, 2020-2021 წლებში ჩატარებული კვლევა. პრეზენტაციიდან ჩანს, რომ კვების მენიუ ევროპის ქვეყნების გაიდლაინებზე დაყრდნობით შეიქმნა. ასევე, დათვლილი იყო, რა დაუჯდებდა სახელმწიფოს სკოლებში უფასო კვების დანერგვა. როგორც გავარკვიეთ, ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო მაშინ ორ მოდელს განიხილავდა. ჯანდაცვის სამინისტროს დათვლებით, ე.წ. „კომერციული ბიუჯეტის“ მოდელით სახელმწიფოს სკოლებში [დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე] მოსწავლეთა კვება წლიურად 376 მლნ ლარი დაუჯდებოდა. უფრო კონკრეტულად: ერთი მოსწავლე სასწავლო წელს 692.68 ლარი, დღეში - ₾3,96. რაც შეეხება ე.წ. „არაკომერციული ბიუჯეტით“ დათვლილ მოდელს, სახელმწიფოს ჯამურად, ერთი წელი ყველა მოსწავლის უფასო კვებაში შედარებით ნაკლები თანხა - 316 მლნ ლარი დასჭირდებოდა. შესაბამისად, წელიწადში - 583 ლარი იყო დანახარჯი ერთ მოსწავლეზე, დღეში კი - ₾3,30.




























