„მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში ცვლილებები პროექტი მოიწონა, რომელიც სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებას შეეხება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მისივე თქმით, თუ აქამდე ამ ქმედების აღსაკვეთად კონკრეტული მექანიზმი არ არსებობდა, ახლა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ჯარიმები დაწესდება.
„ჩვენ გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გვქონდა ბოლო პერიოდში და ვაგრძელებთ ამ პროცესებს, როგორც ატმოსფერული ჰაერის კუთხით, ისე სამრეწველო საწარმოებში, ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლის მიმართებაში.
ეს საკითხი ერთ-ერთია, რაზეც დღეს მთავრობამ იმსჯელა. ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით ამ პროცესებს და სამწუხაროდ, ძირითადად კახეთის რეგიონში, ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდება, გადაწვა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების შედეგად.
ჩვენ აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამ მიმართულებით. დღეს მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციული სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს და ამ ცვლილებების მიხედვით დაწესდება საკმაოდ მკაცრი სანქცია მოსარგებლეებისა თუ მესაკუთრეებისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ პირისთვის, ვინც ამ ქმედებას განახორციელებს - ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1 ჰექტარზე 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო იურიდიული პირისთვის 2 000 ლარის ოდენობით. ეს მექანიზმი მოგვცემს საშუალებას, რომ ეს მავნე პრაქტიკა აღმოვფხვრათ და გარემოს საფრთხე აღარ შევუქმნათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




























