მთავრობამ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიმართულება დაამატა. ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში ფერმერებს ტრაქტორების, კომბაინებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად აღებული სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ. სესხის მოცულობა 5 000-დან 1.5 მილიონ ლარამდე განისაზღვრა, სააგენტო საპროცენტო განაკვეთს მაქსიმუმ, 36 თვის განმავლობაში დაასუბსიდირებს.
მთავრობის 2026 წლის 20 ნოემბრის №556 დადგენილებით ცვლილება შევიდა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში“, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება.
ახალი მიმართულებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შესაძენად, მათ შორის - არანაკლებ 20 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორების, მისაბმელების, კომბაინებისა და მექანიზაციის სხვა საშუალებების შესყიდვისთვის. ტექნიკის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ბაზარზე, ისე იმპორტის გზით. შესყიდვა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს.
სესხის მაქსიმალური მოცულობა 1.5 მილიონი ლარია, მინიმალური კი - 5 000 ლარი. საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი სესხის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ფიქსირებული განაკვეთის შემთხვევაში 150 000 ლარამდე სესხზე წლიური პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს, 150 001-დან 600 000 ლარამდე სესხზე - 17%-ს, ხოლო 600 001-დან 1.5 მილიონ ლარამდე სესხზე - 16%-ს.
მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში განაკვეთის ზედა ზღვარი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 8%, 7% ან 6% იქნება, სესხის მოცულობის მიხედვით. სახელმწიფო სააგენტო სესხის პროცენტს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით დაასუბსიდირებს. თანადაფინანსების პერიოდი მაქსიმუმ 36 თვეა, ხოლო მისი დაწყება სესხის ან პირველი ტრანშის გაცემიდან არაუგვიანეს 38 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს.
|
სესხის მოცულობა |
ფიქსირებული განაკვეთის მაქსიმუმი |
მცურავი განაკვეთის მაქსიმუმი |
|---|---|---|
|
5 000 - 150 000 ლარი |
18% |
რეფინანსირების განაკვეთი + 8% |
|
150 001 - 600 000 ლარი |
17% |
რეფინანსირების განაკვეთი + 7% |
|
600 001 - 1 500 000 ლარი |
16% |
რეფინანსირების განაკვეთი + 6% |
პროგრამაში ჩართვისთვის ფერმერს უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიმუმ 2 ჰექტარი მიწა. გამონაკლისია ყურძნის, მარცვლეულისა და სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინების შეძენა, რა შემთხვევაშიც მიწის მინიმალური ფართობი 10 ჰექტარია. მიწა ბენეფიციარის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში უნდა იყოს, ან სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან გრძელვადიანი იჯარით უნდა ჰქონდეს მიღებული. იჯარის დარჩენილი პერიოდი მინიმუმ, 5 წელს უნდა შეადგენდეს.
თანადაფინანსება პროექტის ღირებულების არაუმეტეს 30%-ით განისაზღვრება. ამასთან, ტექნიკის სახეობისა და მიწის ფართობის მიხედვით, ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი თანხის ლიმიტები განსხვავდება.
|
ტექნიკის კატეგორია |
მიწის ფართობი |
თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა |
|---|---|---|
|
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა |
2-დან 10 ჰექტრამდე |
75 000 ლარი |
|
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა |
10 ჰექტარი და მეტი |
150 000 ლარი |
|
ყურძნის, მარცვლეულისა და სილოსის ამღები თვითმავალი კომბაინი |
მინიმუმ 10 ჰექტარი |
300 000 ლარი |
ერთი ბენეფიციარისთვის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების ჯამური ოდენობა 300 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტის ღირებულება კი მინიმუმ 5 000 ლარი უნდა იყოს.
პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკა უნდა იყოს ახალი და განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე წარმოებული. ბენეფიციარს თანადაფინანსებით შეძენილი ტექნიკის გასხვისება სამი წლის განმავლობაში ეკრძალება. ამასთან, ტექნიკა თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვიდან ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს და ამ პერიოდში ქვეყნის საზღვარი არ უნდა გადაკვეთოს. ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშეკრულება და ბენეფიციარს მიღებული თანადაფინანსების სრულად დაბრუნება მოსთხოვოს.
აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №135 დადგენილებითაც მოქმედებდა. ახალი დადგენილებით ძველი პროგრამა ძალადაკარგულად გამოცხადდა, ხოლო მანამდე წარდგენილი განაცხადები და გაფორმებული ხელშეკრულებები ძველი წესით გაგრძელდება.
ახალი მიმართულების დამატებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის დაფინანსება აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა როგორც უშუალო თანადაფინანსებით, ისე შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტით.
























