სასტუმრო “კრისტალი” საკუთარ ტრასებზე წელს ხელოვნური გათოვლიანების სისტემას აამუშავებს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ “კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ვლადიმერ სტეფანიანმა განაცხადა.
„შარშანდელმა წელმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გარეშე ტურისტული სეზონი „კრისტალისთვის“ გარდაუვალი იყო. გავაშენეთ ტბა, დავამონტაჟეთ გაყვანილობები და წელს 2.5 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ხელოვნური გათოვლიანების სისტემით გავათოვლიანებთ,“ - აღნიშნა ვლადიმერ სტეფანიანმა.
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დანერგვისთვის „კრისტალ ჯგუფმა“ საკუთარი 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ვლადიმერ სტეფანიანმა გადაცემაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, ატრაქციონების პარკის მშენებლობა დააანონსა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებული აქვთ. მისი თქმით, ეს იქნება გასართობი სივრცე ყველა ასაკის დამსვენებლებისთვის, მათ შორის ექსტრემალური გართობის მოყვარული ახალგაზრდობისთვის.
სასტუმრო „კრისტალი“ 2009 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ეს იყო 27-ნომრიანი პატარა სასტუმრო, რომელიც ეტაპობრივად განვითარდა და დღეს ის წარმოდგენილია 107 ნომრით, სპა ცენტრით, აუზებით, რესტორნებითა და ბარებით.
„კრისტალში“ 300-მდე ადამიანია დასაქმებული.