მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმრო პარალიზებულია, ზარალი საკმაოდ სოლიდურია“ – „ვინოტელის“ მფლობელი

5f05bc66ebd8a
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.20 23:02
2646
სასტუმრო პარალიზებულია, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა გაჩერებულია - ასე აღწერს ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო „ვინოტელის“ მდგომარეობას მისი მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი.

როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, მათი უმთავრესი ზარალი უმუშევარი თანამშრომლები არიან, რომლებიც იძულებით შვებულებაში იმყოფებიან.

„მობრძანდით და ნახეთ რა მუშაობა გვაქვს, რითიც მარტო მე კი არ ვზარალდები, ზარალდება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც კარგავს ხელფასის აღების შანსსაც. სასტუმრო პარალიზებულია, შესაბამისად მთელი ინფრასტრუქტურა გაჩერებულია და რამდენიმე თანამშრომელს ვუხდით საარსებო თანხებს. ამჟამად „ვინოტელში“ დაახლოებით 24 დასაქმებული გვყავს, მაშინ როდესაც პანდემიამდე დაახლოებით 60 ადამიანი გვყავდა დასაქმებული“, - განაცხადა ბენო ქაშაკაშვილმა.

მისივე თქმით, შიდა ტურიზმის ამოქმედების შემდეგ მხოლოდ რესტორნის გახსნა შეძლეს, რომელიც 34 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო სასტუმროს გახსნას საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ სრულიად უცხოურ ტურიზმზე ვართ ორიენტირებულები და სასტუმროს ვერ გავხსნით სანამ ფრენები არ იქნება. თბილისის სასტუმროები მძიმე მდგომარეობაში, რადგან ბათუმელები და ქუთაისელები ჩვენთან არ ჩამოვლენ. ფრენები კიდევ ჯერ არ არის. ყველაფერი ნათქვამია. ფინანსური თვალსაზრისით ზარალი საკმაოდ სოლიდურია.

ძალიან კარგია 5 ქვეყანასთან საზღვრის გახსნის დაანონსება, თუმცა ეს ნახევარი საქმეც არ არის, რადგან ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ ჩამოსვლა, და დღეს ადამიანები ყველგან შეშინებულები და გაურკვევლობაში არიან. ეს არ ნიშნავს, რომ რამდენიმე რეისი რომ შედგება, სასტუმროები გაივსება. ეს არის პირველი ნაბიჯები და ამას შემდგომი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს და გარანტია უნდა ჰქონდეს ჩვენ სტუმარს, რომ სტაბილური უსაფრთხოება მომავალშიც შესაბამისი ქმედებებით შენარჩუნდება, - აღნიშნავს „ვინოტელის“ მფლობელი.

ცნობისთვის, 13 ნომრიანი ბუტიკ-სასტუმრო „ვინოტელი“ თბილისში 2015 წლიდან ამოქმედდა და მაღალი რანგის უცხოელი და ადგილობრივი პირების მასპინძლობაზეა გათვლილი. სასტუმროს აქვს რესტორანი და ღვინის მარანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები