მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო „სოლომონი“: 3 - თვიანი უმოქმედობის პერიოდში 100-120 ათასი ლარის დანაკარგი მივიღეთ

5efeeac97eedd
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.20 18:00
1887
ქუთაისში მდებარე სასტუმრო „სოლომონმა“ 3 -თვიანი უმოქმედობის პერიოდში 100-120 ათასი ლარის ზარალი მიიღო - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს თანადამფუძნებელმა მერაბ გოგონაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმრომ მუშაობა 15 ივნისს განაახლა და მათი ძირითადი დატვირთვა საქმიან მივლინებებზე მოდის.

„სოლომონის“ თანადამფუძნებელი შემცირებულ ფასებზე საუბრობს და პროგნოზების გაკეთება უჭირს, რადგან ისინი 99%-ით უცხოელ ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი.

„დაბალი სეზონის ფასებით გავაგრძელეთ მუშაობა, რადგან სეზონი არ არის. მაღალ სეზონზე ჩვენთან განთავსების ღირებულება 190 ლარს შეადგენს, თუმცა ახლა 120 ლარია.

საერთაშორისო ტურიზმიდან განსხვავებით, შიდა ტურიზმში წინასწარი ჯავშნების გაკეთება აქტუალური არ არის. ჩვენი მომხმარებელი წინა დღით რეკავს და მეორე დღეს ჩამოდის, რაც ჩვენთვის ცალკე პრობლემაა, რადგან ჩვენ წინასწარი ჯავშნების შესახებ ინფორმაცია ფიზიკურად არ გვაქვს.

დიდი მოლოდინები იმის, რომ ადგილობრივი მომხმარებლები ქუთაისში წამოვლენ დასასვენებლად, არ გვაქვს, რადგან მით უფრო აგვისტოში, უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლები არჩევანს ზღვისპირეთზე აკეთებენ.

ჩვენთვის დატვირთული სეზონის მთავარი მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო ვიზიტორია, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან თბილისისკენ, ან მესტიისკენ მიმავალი მგზავრები ქუთაისში ათევენ ღამეს. თუ ტურუსტულებიდან არის შეკვეთა, ისინიც ასვენებენ თავის მომხმარებლებს ქუთაისში, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლების 99%-ს საერთაშორისო ტურისტები შეადგენენ. მხოლოდ ოქტომბრიდან-მარტამდე, იმისთვის რომ სასტუმრომ ფუნქციონირება შეძლოს, ადგილობრივ ტურიზმზე ვერთვებით“, - განმარტა „სოლომონის“ დამფუძნებელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასტუმროში დღეისთვის 10-მდე ადამიანია დასაქმებული და ადმინისტრაციამ შეძლო, დასაქმებულთა შენარჩუნება, თუმცა მხოლოდ სასტუმროს მიმართულებით.

„ჩვენ გვყვავდა ასევე რესტორნის თანამშრომლები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რესტორანი ვერ ამოქმედდა. ჩვენ რესტორანი სატესტო რეჟიმში იანვარში გავხსენით, რათა დაბალ სეზონზე შეგვემოწმებინა რა შეგვეძლო და მოვმზადებულიყავით სეზონისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ რესტორანი ვერ ავამოქმედეთ და მხოლოდ სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც დაახლოებით 10 ადამიანია დასაქმებული“, - განაცხადა მერაბ გოგონაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები