მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო "სვიანა რეზორტი" ინფრასტრუქტურას ავითარებს - რა გეგმები აქვს ტურისტულ ობიექტს?

სვიანა რეზორტი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მდებარე ტურისტული ობიექტი „სვიანა რეზორტი“ სასტუმროს ინფრასტრუქტურას ავითარებს. ამის შესახებ ობიექტის მენეჯერმა, სალომე ჭუმბაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

იმისათვის, რომ ტურისტულ ობიექტზე მოთხოვნა გაიზარდოს და სასტუმროს მენეჯმენტმა არსებული სივრცე სრულად აითვისოს, ღია ჯაკუზის მოწყობა, გასართობი სივრცეებისა და ფრენბურთის მოედნის გაკეთება იგეგმება, რაც მენეჯერის ვარაუდით, ტურისტულ ობიექტის მიმზიდველობას გაზრდის. რა თანხები ჩაიდება ინფრასტრუქტურული პროექტისთვის სასტუმროს მენეჯმენტში არ აკონკრეტებენ.

“წელს, ღია ჯაკუზების დამატებას, გასართობი სივრცეებისა და ფრენბურთის მოედნის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან სივრცე გვაქვს ასათვისებელი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა, მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი”, - ამბობს მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ძირითადად მაისი-ოქტომბრის პერიოდში მუშაობს, მაშინ როდესაც კახეთში ტურიზმი აქტიურ ფაზაში შედის, ხოლო სხვა პერიოდში ტურისტული ობიექტი დახურულია და კორპორაციული ღონისძიებებს ემსახურება, რისთვისაც მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს.

“გასული წელი ძალიან კარგი იყო. გვქონდა დიდი წვეულებებიც, მათ შორის ნოემბერ-დეკემბერ-იანვარში. ახლა მაისს და ტურისტული სეზონის დაწყებას ველით. სასტუმრო თუშეთის გზის დასაწყისში მდებარეობს, შესაბამისად, ივნისი-აგვისტოს პერიოდში booking-დან ბევრი უცხოური ჯავშანი გვაქვს. მაისი სრულად შევსებულია.

ქვეყანაში ევროპული ნაკადები განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მისუსტებულია, ამას ემატება უკრაინის ომიც. შესაბამისად, ადრე თუ ძირითადად გერმანიიდან და აშშ-დან ჩამოდიოდნენ, ახლა უფრო მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ ისრაელიდან, თურქეთიდან და ა.შ. გვსტუმრობენ. რაც შეეხება ადგილობრივების მხრიდან არსებულ ჯავშნებს, ძირითადად პარასკევი-შაბათი-კვირის პერიოდშია გააქტიურებული. ხოლო შუა კვირას ძირითადად აუზი იტვირთება”, - ამბობს სალომე ჭუმბაძე.

მისივე განმარტებით, სასტუმროში ფასები არ დაუკორექტირებიათ და სტანდარტულად, საშუალოდ ერთი ღამით განთავსების ღირებულება საუზმით 210 ლარია.

ინფორმაციისთვის, კახეთში მაღალი კლასის სასტუმრო ბიზნესმენ ნუგზარ ყალანდარიშვილის კერძო ინვესტიციითა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით აშენდა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები