მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო ზანზიბარში, რომელსაც ქართველი მართავს - რას სთავაზობს Seashore Villa სტუმრებს?

ზანზიბარი

ზანზიბარში მდებარე 4-ვარსკვლავიან სასტუმრო Seashore Villa-ს, რომელიც ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, ბოლო 1 წელია ქართველი მფლობელი, თიკო ჭუბაბრია მართავს.

იტალიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ჭუბაბრია იტალიაშივე ერთ-ერთ კომპანიაში დასაქმდა, რომელიც ქსელურ სასტუმროებს ფლობდა. მათ შორის, ზანზიბარშიც. დიდი ინტერესისა და დაჟინებული თხოვნის შემდეგ, თიკო ჭუბაბრია ზანზიბარში სამუშაოდ პირველ წელს 3 თვით, ხოლო მეორე წელს, 4 თვით გაემგზავრა. საბოლოო ჯამში, ზანზიბარით მოხიბლულმა, სასტუმროს მმართველობაში აღება გადაწყვიტა და პირველ 8-ნომრიან ბუტიკური ტიპის სასტუმროს სათავეში ჩაუდგა.

თიკო ჭუბაბრია BM.GE-სთან აცხადებს, რომ ნულიდან დაწყებული კომპანიისა და სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცესის მოგვარების გამო, სასტუმროს სრულად უზრუნველსაყოფად, დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია გახდა საჭირო.

„სასტუმრო ბუტიკური ტიპისაა, რომელიც 8 -ნომრისაგან შედგება და 20 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ტურისტული ობიექტი, ზღვის სანაპირო კივენგვას პლაჟთან მდებარეობს. აქვს საცურაო აუზი, ბარი ტერასით, რესტორანი და ადგილზე სხვადასხვა ტურების დაგეგმვის სერვისი.

რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, ერთი ღამით სტანდარტულ ნომერში განთავსება, 80 დოლარიდან იწყება. ფასები დამოკიდებულია ნომრის ტიპსა და სერვისზე. ამ ეტაპზე, ძირითადად იტალიელები გვსტუმრობენ. ქართველები არ გვყავს, რადგან ჯერჯერობით მარკეტინგული აქტივობები არ განგვიხორციელებია“, - აცხადებს ჭუბაბრია.

მისი ინფორმაციით, მაღალი სეზონი ზაფხულში ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე და ზამთარში, დეკემბერი-თებერვლის თვეებია.

ჭუბაბრია აღნიშნავს, რომ ადგილზე სასტუმროში 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული, ხოლო მზარეული უცხოელი ჰყავთ. მისი თქმით, ადგილზე კადრების პრობლემა არ არის, რადგან ყველა სამსახურს ეძებს, თუმცა პრობლემა მათი კვალიფიკაციაა, რის გამოც არაერთი ტრენინგისა თუ საინფორმაციო კამპანიის განხორციელება უწევთ.

როგორც სასტუმროს მფლობელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ამჟამად რომელიმე ქართულ კომპანიასთან კოლაბორაცია არ აქვთ, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში კიდევ ახალი ტურისტული ობიექტის აღება იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები