სასტუმრო "გისტოლას" დამფუძნებლის შეფასებით, მესტიაში ზამთრის ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამის შესახებ ირაკლი გურჩიანმა BMG-სთან ისაუბრა, მიზეზად კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელ გზა და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება დაასახელა.
"მესტიაში ზამთრის სეზონი არ არის. ახალი წლის პერიოდში 60-70%-იანი დატვირთვა იყო, ისიც 10 დღის განმავლობაში. ძირითადად ქართველები იყვნენ, ტურისტები ძალიან ნაკლებად. ახლა სასტუმროები ცარიელია, არამხოლოდ ჩემი, ყველა სასტუმროში ასეა. ტრასებზე 20-30 ადამიანი სრიალებს და ამას ემატება ისიც, რომ დღეში 30-40-ჯერ დენი ითიშება", - ამბობს "გისტოლას" დამფუძნებელი.
მისივე თქმით, ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებაზე და ამ მრავალწლიან გამოწვევაზე, რომელზეც მესტიის სასტუმრო ბიზნესი ყველა სეზონზე საუბრობს, სრული პასუხისმგებლობა "ენერგო-პრო ჯორჯიას" აკისრია.
"მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ელექტროსადგური აშენდა, დენი მაინც არ არის. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ეს კომუნიკაციები, მაღალი ძაბვა, შიდა განაწილება, ქსელი, სამოციან წლებშია გაკეთებული. ამაზე პასუხისმგებელი ენერგო-პრო ჯორჯიაა, იმიტომ რომ მის საკუთრებაშია და ის, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს", - მიიჩნევს გურჩიანი.
შემდეგი დაბრკოლება, რის გამოც ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურები მესტიაში ვიზიტისგან თავს იკავებენ, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის გაუმართაობაა.
"ხაიშიდან მესტიამდე მოსასვლელ 60-კილომეტრიანი გზის გავლას ადამიანი სამ საათს ანდომებს, რაც ძალიან დამღლელია. თბილისიდან რომ მოდის დამსვენებელი ორი დღე, ფაქტობრივად, გზაშია. შესაბამისად, აქ ჩამოსვლა არ უღირთ", - აცხადებს გურჩიანი.
რაც შეეხება დარჩენილი ზამთრის პერიოდის ჯავშნებს. "გისტოლას" დამფუძნებელი ამბობს, რომ თებერვალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა სახის შეჯიბრებების ორგანიზების გამო გარკვეული რაოდენობის ჯავშნები აქვთ. თუმცა, ეს იმ ჯავშნების რაოდენობის 10%-ც არაა, რაც ზაფხულში აქვთ. შესაბამისად, მესტიის სასტუმრო ბიზნესი ოპერირებას ზაფხულის პერიოდის ხარჯზე აგრძელებს.
ცნობისთვის: "ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებისთვის მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა. პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატ/საათი შეადგინა. ამასთან, იმავე 16 იანვარს სრულად „ენერგო-პროს“ აბონენტთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლოვატ/საათი შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ოპერირება რთულ პირობებში უხდებათ და მაღალი მოხმარება იწვევს დროებით გათიშვებს, რის შესახებაც კომპანია მაქსიმალურად სწრაფ ინფორმირებას და პრობლემის მოკლე დროში აღმოფხვრას ცდილობს.