საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს სასტუმროების სექტორზე გაცემული საბანკო კრედიტები მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.
სებ-ის თანახმად, სასტუმროების სექტორს ბანკებისგან სულ 2.9 მილიარდი ლარის სესხები აქვთ აღებული, რომლის 43%-იც ანუ 1.25 მილიარდი ლარი სულ 10 ობიექტის სესხებს აერთიანებს. მათ შორის 5 უმსხვილესი სესხის მოცულობაა 949 მილიონი ლარი, ხოლო #1 ადგილზე მყოფი ობიექტის სესხი კი 381 მილიონი ლარია. ეროვნული ბანკი არ ასახელებს, თუ რომელი სასტუმროები შედიან მსესხებელთა პირველ ათეულში, თუმცა, სავარაუდოდ, ქვეყნის უმსხვილეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროებზე არის საუბარი.
"გაუარესებულია საკრედიტო პორტფელის ხარისხი, რასაც სექტორში გაცემული სესხების მაღალმა ვალუტიზაციამ შეუწყო ხელი. პორტფელის 87% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პანდემიის დროს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების რესტრუქტურიზაცია უფრო მეტი მოცულობით მოხდა, ვიდრე ლარში გაცემული სესხებისა,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორის 2.9-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან 27% ნეგატიური სესხის სტატუსს ატარებდა, საიდანაც 10% უმოქმედო, 17% კი საყურადღებო სესხის სტატუსის იყო.
დღეს გამოქვეყნდა ტურიზმის ადმინისტრაციის აპრილის თვის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში ქვეყანაში 214,000 ვიზიტორი იმყოფებოდა. აპრილში სექტორი 2019 წლის შედეგების 39%-ზე აღდგა.




























