სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA ჯგუფის დამფუძნებელ ირაკლი ჭიღლაძის აზრით, ქონების გადასახადის გადავადება სასტუმრო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში შექმნილი გამოწვევები იყო.
„სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის განულება იდეალური იქნება...“, - ამბობს ირაკლი ჭიღლაძე, მაგრამ ვინაიდან ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მიესალმება, თუ ჰორეკა სექტორს გადასახადს გადაუვადებენ. ასევე, მისი თქმით, კარგი იქნება თუ ქონების გადასახადის გადახდის პერიოდიც შეიცვლება და ნაცვლად ივნისისა, ბიზნესს ოქტომბერში მოუწევს გადასახადის გადახდა.
კერძო სექტორს იმედი აქვს, რომ მაია ომიაძის უწყება ბიზნესის სურვილს ფინანსთა სამინისტრომდე მიიტანს, რადგან საგადასახადო შეღავათის შემოღებაზე გადაწყვეტილებას სწორედ ეს უწყება იღებს.
- [ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან] შეხვედრაზე საუბარი იყო ქონების გადასახადის გადავადებაზე, როგორც ეს კოვიდპანდემიის დროს მოხდა.
- მხოლოდ გადავადება ითხოვეთ?
- რა თქმა უნდა, გადასახადის გაუქმება (განულება) ჩვენთვის იდეალური იქნება. იმ სასტუმროებს, რომლებიც წლებია ბაზარზე ოპერირებენ, დიდი ცვეთა აქვთ. შესაბამისად, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა დაეხმარება სექტორს, უფრო სტაბილურად, გრძელვადიან პერსპექტივაში იმუშაოს და დაზოგილი თანხები ისევ პროდუქტის განვითარებას მიმართოს.
- რა პასუხი ჰქონდა ამაზე მაია ომიაძეს? ის ამ საკითხს ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს...
- დიახ, ის შუამავალი რგოლია. ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროშია განსახილველი. ვფიქრობ, ჩვენი მოთხოვნა ლოგიკურია, რადგან სასტუმრო სფერო სეზონურობით ხასიათდება. მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში სასტუმროებს, როგორც წესი, ფულადი რეზერვები არ აქვთ. ჩვენთვის იდეალური იქნება, თუ ქონების გადასახადის გადახდის ვადა მომავალშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიწევს. ე.წ. „დაბალი სეზონი“ პირველი ნოემბრიდან იწყება და მომდევნო წლის აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ პერიოდში სასტუმროს დაზოგილი რესურსი უფრო საოპერაციო ხარჯებზე მიდის, ვიდრე სახელმწიფო გადასახადებზე...
- ანუ კარგი იქნება თუ გადახდის პერიოდი საერთოდაც შეიცვლება?
- ნამდვილად, ამ მიმართულებით, შესაბამის უწყებებს დიდი სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას.
ცნობისთვის: სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის გადავადების საკითხი სტუმარმასპინძლობის ბიზნესის წარმომადგენლებმა ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტთან შეხვედრაზე დააყენეს. ირაკლი ჭიღლაძის გარდა, იგივე სურვილი გააჟღეღა "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელმა პაატა კოკაიამაც.




























