იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებში სასტუმროებმა წლიურად 32%-იანი ზრდა აჩვენა. სასტუმროებში საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 390 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების განაწილებამ რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის, შესაბამისად, 23% და 77% შეადგინა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, იანვარში, თიბისი არხებით სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი არარეზიდენტებს უკავიათ. მათი უნაღდო დანახარჯები წლიურად 42%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 555 ლარი იყო.
რაც შეეხება რეზიდენტების უნაღდო დანახარჯებს სასტუმროებში, მიმოხილვის თანახმად, იანვარში ეს მაჩვენებელი წლიურად 7%-ითაა გაზრდილი. საშუალო დანახარჯმა 197 ლარი შეადგინა, რაც გასული ორი წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელი იყო.
რაც შეეხება რესტორნებში უნაღდო დანახარჯებს, იანვარში, თიბისი ბანკის არხებით, ამ მაჩვენებელმა 42%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, ტრანზაქციის საშუალო ზომა 33 ლარს გაუტოლდა. რესტორნებში უნაღდო დანახარჯების 76% რეზიდენტებზე, 24% კი - არარეზიდენტებზე მოდის.
„2025 წლის იანვარში, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 48%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯებმა 27 ლარი შეადგინა.
არარეზიდენტი მომხმარებლების მხრივ, უნაღდო დანახარჯების წლიურმა ზრდამ 25% შეადგინა, ხოლო საშუალო დანახარჯი 95 ლარს გაუტოლდა, რაც მიმდინარე თვეში სამჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს რესტორნებში’, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.