მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სასტუმროებში 200 ვაკანსია გვაქვს“ - შალვა ალავერდაშვილი უკრაინელების დასაქმების შესაძლებლობაზე

626a949bc9506
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.22 22:07
2506
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი და თბილისსა და რეგიონებში სასტუმროების მმართველი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ მისი მართვის ქვეშ არსებულ სასტუმროებში ამ დროისთვის 200 ვაკანსიაა. ამის შესახებ მან უკრაინელების დასაქმების მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველო-უკრაინის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე BM.GE-ის განუცხადა.

შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევა კადრების დეფიციტია, ამიტომ ის თვლის, რომ უკრაინელების მხარდაჭერითა და დასაქმებით, სასტუმროები ვაკანტური ადგილების შევსებას შეძლებენ.

„ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლის დროს უამრავი ობიექტი იხსნება და ბაზარზე კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ნებისმიერ პლატფორმაზე დიდი რაოდენობით ვაკანსიები იდება. კომპანიებს სახელფასო ბიუჯეტი გაზრდილია, თუმცა ტურიზმის სექტორში ბოლო ორი წლის განმავლობაში კადრების გადინება მოხდა და სერიოზული დეფიციტი გვაქვს. ჩვენი მხრიდან უკრაინელების დახმარება პირველ რიგში მათი დასაქმება იქნება, თუმცა ამის პარალელურად დახმარება ჩვენს სექტორსაც სჭირდება, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს. იმედი გვაქვს მოთხოვნა მიწოდება ერთმანეთს დაემთხვევა და კარგ შედეგს მივიღებთ - ერთი მხრივ დავასაქმებთ უკრაინელებს, ხოლო მეორე მხრივ მივიღებთ ვაკანსიებს, რაც ამ ეტაპზე რეალურად გვჭირდება.

ამ დროისთვის სასტუმროებში, რომელსაც ვმართავ 200 ვაკანსია მაქვს“, - განმარტა სასტუმროების მმართველმა.

შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ვაკანსიები ძირითადად თბილისის სასტუმროებშია, თუმცა ვაკანსიები იმ სასტუმროებსაც ექნებათ, რომელიც ტურისტულ ადგილებში სეზონის დაწყებისას იხსნება. სასტუმროების მმართველი ამბობს, რომ მისი მართვის ქვეშ არსებულ სასტუმროებში 500-მდე ვაკანსია იყო, თუმცა მათ ვაკანტურ ადგილებზე 300-მდე ადამიანის დასაქმება უკვე შეძლეს.

„სასტუმროებში ძირითადად მოთხოვნა მომსახურე პერსონალზეა: ადმინისტრატორი, მიმტანი, ბარმენი, დამლაგებელი. უკრაინელების დასაქმებას ჩვენ HR.GE-ის პლატფორმით მარტივად შევძლებთ“, - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები