ძალიან ბევრი ცნობილი და არაცნობილი სასტუმრო იყიდება თბილისში, სასტუმროების მფლობელები ყიდიან უძრავ ქონებას, მაგრამ საჯაროდ ეს ინფორმაცია არ გამოაქვთ, - ამის შესახებ BM.GE-თან უძრავი ქონების სააგენტოები აცხადებენ. მიზეზად ტურისტების ნაკადის შემცირება და ქვეყანაში არასტაბილური გარემო სახელდება.
სასტუმროს გაყიდვა არ გადაუფიქრებია Chateau Mere-ს დამფუძნებელს გია პირადაშვილსაც, რომელიც შესაბამის შეთავაზებას 2023 წლიდან ელოდება. მისი თქმით, სექტორში კრიზისული მდგომარეობა უფრო მძაფრდება, რასთან გამკლავებაც სექტორს სულ უფრო უჭირს.
“სასტუმროს გასხვისება ისევ გადაწყვეტილი მაქვს. ვეძებთ მოქნილ ვარიანტს, შეიძლება შევიცვალოთ პარტნიორი. გამოგვიჩნდა საბედნიეროდ პარტნიორი ვისი მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ სასტუმროს გაახლებას და გადაკეთებას, მორგებას უფრო იმ სიტუაციასთან რომელიც შეესაბამება იმ სიტუაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
ძალიან რთულია დღევანდელი პერიოდი სტუმარმასპინძლობის ბიზნესისთვის. აქ იგულისხმება როგორც სასტუმრო ისე სარესტორნო ბიზნესი. ეს ხდება არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, სადაც ძალიან ჭირს ამ ბიზნესის შენარჩუნება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის შექმნილი გაურკვეველი სიტუაცია. ბიზნესს ყოველ შემთხვევაში ასე ესმის ეს მდგომარეობა. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევები როცა კრიზისები არის ხოლმე წინაპირობა რომ რაღაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ძალიან რთულად არის საქმე. ტურიზმი არის ძალიან შემცირებული, არ ჩანს არანაირი ხედვა რა შეიძლება იყოს წინაპირობა იმისა, რომ ეს ბიზნესი იყოს მზარდი და შეინარჩუნოს ის პოზიციები რაც გვაქვს,”-ამბობს გია პირადაშვილი.
ის რომ კერძო სექტორი სასტუმრო ბიზნესიდან გასვლას ცდილობს და ბაზარზე განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავს ეკონომიკის მინისტრისთვის გაზრდილი კონკურენციის შედეგია. დავითაშვილის ამბობს, რომ ბოლო წლებში საწოლების რაოდენობამ მოიმატა და ზრდა მათ შორის airbn-ის ხარჯზეა რასაც სასტუმრო ბიზნესი კონკურენციას ვერ უწევს.
გია პირადაშვილი ლევან დავითაშვილს ეთანხმება, რომ კონკურენცია გაზრდილია ბაზარზე, მაგრამ ამბობს, რომ სასტუმრო ბიზნესში არსებული კრიზისი არსებულ არასტაბილურ გარემოს უკავშირდება და არა კონკურენციის ზრდას.
“კი ბატონო, ლევან დავითაშვილს ვეთანხმები რომ აქ არის გაზრდილი კონკურენცია, მაგრამ გაზრდილი კონკურენცია იყოს რამდენიმე წლის წინაც მაშინ როცა ტურისტები უფრო აქტიურად შემოდიოდნენ და სიტუაცია ბევრად უფრო სტაბილური იყო და არ იყო სახელმწიფოებიდან იმის აღქმა რომ საქართველო არის არასტაბილური და საშიში ქვეყანა სტუმრებისთვის. ვეთანხმები რომ გაზრდილია საწოლების რაოდენობა, გაზრდილია კონკურენცია, მაგრამ მხოლოდ კონკურენციის გამო არ არის დღეს ჩავარდნილი ჩვენი ბიზნესი,”- აცხადებს Chateau Mere-ს დამფუძნებელი გია პირადაშვილი.