მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები "ოცნების" პარლამენტს უცხოელების მიგრაციის რეგულირების შესახებ მიმართავენ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საკანონმდებლო ორგანოში 26 ივნისს შევიდა და მას ხელს 21 სასულიერო პირი აწერს.
უფრო კონკრეტულად მღვდლები და დეკანოზები ითხოვენ, რომ მიგრანტებისთვის მოქალაქეობის და ცხოვრების უფლების მინიჭების გაუქმებას, გამონაკლისი ერთეულების გათვალისწინებით, ასევე მიგრანტთა შემოდინებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებისა და მიგრანტთა მნიშვნელოვანი რაოდენობის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივით გამოდიან. ამასთან, სასულიერო პირები მიგრანტთა პაქტის დენონსირებას ითხოვენ.
საეკლესიო პირები აცხადებენ, რომ ეს საკანონმდებლო წინადადება მრავალი სასულიერო პირისა და მრავალრიცხოვანი მრევლის სახელით მომზადდა. ისინი მიგრანტების საკითხს „მწვავე საკითხად“ აფასებენ და წერენ:
„შეშფოთებულები ვადევნებთ თვალს იმას, თუ როგორ იძაბება დამოკიდებულება მოსახლეობასა და მიგრანტებს შორის. უკან არაერთი კონფლიქტური შემთხვევაა მომხდარი სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ, სასულიერო პირებმა კარგად ვიცით ჩვენი ხალხის წუხილი და რიგ შემთხვევაში მრისხანებაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ სასწავლებელში არის უცხოელი სტუდენტების განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოზღვავებამ, რაც არასასიამოვნო ფონს ქმნის ქუჩებში და ზოგადად, საზოგადოებაში. ეზოებში ხშირად ქართველი ბავშვები ვერ შედიან სპორტულ მოედნებზე, რადგან იგი დაკავებული აქვთ მიგრანტებსა და მათ შვილებს, რაც ასევე იწვევს ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებულ გაღიზიანებას“, - წერია საკანონმდებლო წინადადებაში და აღნიშნულია, რომ ეს ინიციატივა საკითხის მოსაწესრიგებლად ქმედითი ზომების უმოკლეს ვადებში გატარებას საჭიროებს.
21 სასულიერო პირის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ 26 ივნისს განიხილა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მისი განხილვა დაავალა.




























