საქართველო პროდუქტების დიდ ნაწილზე საკუთარ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძირითად პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.
ადამიანისთვის აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტები ასე გამოიყურება: ხორბალი, ბოსტნეული, ხორცი: ფრინველის, ღორის და საქონლის ხორცეული, რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი.
საქსტატის მონაცემებით, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ია, მაშინ როცა საერთაშორისო სტანდარტით 40% მაინც უნდა იყოს. შარშან ხორბალი თითქმის სრულად რუსეთიდან ვიყიდეთ. წელსაც ბაზარზე ძირითად მომწოდებლად კვლავ რუსეთის ფედერაცია რჩება.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობა დაბალია და მის გასაზრდელად სისტემური რეფორმაა საჭირო, მათ შორის კოოპერატივების შექმნა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა.
“ჩვენს შემთხვევაში სამიზნე თვითუზრუნველყოფა დაახლოებით 40-50%-ია, რადგან გაეროს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ორი თვის მოხმარების ხორბლის მარაგი იყოს. ჩვენთან ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა 2.3 ტონაა, საშუალო ევროპული კი 5 ტონას შეადგენს. შესაბამისად, იგივე ჰექტარიანობაზე დღეს თუ ავიღოთ იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც მე ჩამოვთვალე, შესაძლებელია მოსავლიანობის ორჯერ გაზრდა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 42-44% იყოს", - ამბობს სილაგავა.
2013 წლიდან საქსტატი 12 პროდუქტზე თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს ყოველწლიურად აქვეყნებს. შარშანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 22% ქვეყანას ხორბალში აქვს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოხმარებული ხორბლის 78% იმპორტირებულია. რაც შეეხება ბოსტნეულს, აქ 49%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, ხორცში - 47%, მაგრამ ქათმის ხორცის თუ არ ჩავთვლით, სადაც ქვეყანას მხოლოდ 30%-იანი თვითუზრუნველყოფა აქვს, ღორის და საქონლის ხორცის წარმოება შედარებით მაღალი 52 და 74%-ია.
სურსათის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2024 წელს:
- ხორბალი - 22%;
- ბოსტნეული - 49%;
- ხორცი - 47%;
- ფრინველის ხორცი - 30;
- ღორის ხორცი - 52%;
- საქონლის ხორცი - 74%;
- რძე და რძის პროდუქტები - 74%;
- კვერცხი - 96%;
ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა საჭირო.
“საქართველოში იმ რაოდენობის ხილ-ბოსტნეული არ იწარმოება, რომ ჩვენი ნახევარი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ადგილობრივი წარმოება წლების განმავლობაში კლებულობს. რაც ფასებზეც აისახება იმიტომ, რომ ძირითადად იმპორტირებულია და იმპორტს თავისი ხარჯები აქვს გზის, განბაჟების და ა.შ", - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმითვე, ბოსტნეულის შემთხვევაში თვითუზრუნველყოფის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკაზე ბევრად მცირეა.
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს არის სასურსათო უსაფრთხოების ნომერ პირველი პრობლემა. როდესაც ჩვენს გარშემო ასეთი ამბები ხდება და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დაძაბულია საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება. ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს როგორც მარაგები, ასევე იმის რესურსი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი ქვეყნის გამოკვება შეგვეძლოს", - ამბობს ის.
ქათმის ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ წარმოებას სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება.
“ჩვენი წარმოება და კიდევ მეფრინველეობის რამდენიმე წარმოება არაკონკურენტულები ვიქნებით გამომდინარე იქიდან, რომ დაცული არ არის არც ბაზარი და არც არაფერი. შემდეგ წელს შეიძლება აქ საერთოდ აღარ გავყიდო ხორცი და წავიღო სადღაც არაბულ ქვეყნებში", - ამბობს ვაშაკიძე.
ბაზარს თუ არ დავიცავთ ვერაფერს ვაწარმოებთ - ამბობს სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოგა ცოფურაშვილი და ამატებს, რომ სასურსათო უსაფრთხოებისთვის ქვეყანა 70%-ით მაინც უნდა იყოს თვითუზრუნველყოფილი.
“მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან გამოკვეთილი პოზიცია. გასაგებია, ლიბერალური მიდგომები, ჩვენ იმპორტს ხელს არ ვუშლით, მაგრამ ამის პარალელურად დიდი მოთამაშეები უნდა იყვნენ დაცულები და აქტიურობა შეეძლოთ. თან სოფლის მეურნეობა ძალიან მოწყვლადი თემაა, რადგან აქ გარკვეული სოციალური ხაზიც უნდა გვქონდეს, რომ ადამიანების სოფელში ცხოვრობდნენ და დავამაგროთ. ამ პროცესის ასე თავისუფალ ცურვაში მიშვება გვაძლევს იმ სურათს, რაც დღეს გვაქვს", - ამბობს ცოფურაშვილი.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში არსებობს ისეთი პროდუქტებიც მაგალითად კარტოფილი და ცხვრის ხორცი, სადაც არა მხოლოდ სრულად ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას, არამედ ექსპორტის პოტენციალიც გვაქვს. სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელობა განსაკუთრებით გარე შოკების დროს ხდება ხოლმე აქტუალური. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შოკი პანდემია აღმოჩნდა, როცა მეზობელმა ქვეყნებმა სურსათზე ან კვოტები დააწესეს ან საექსპორტო გადასახადი გაზარდეს, რის გამოც პროდუქტი გაძვირდა. კრიზისების გარდა, ინფლაციაში სურსათს ყველაზე დიდი წილი აქვს, შესაბამისად, მისი გაძვირება ყველაზე მეტად აისახება სამომხმარებლო კალათაზე.




























