მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასურველია, ბიუროკრატიული გადაწყვეტილებები არ დაგვიანდეს ხოლმე - "გრინ ენერჯი ჰოლდინგი"

გრინ ენერჯი ჰოლდინგი

ენერგეტიკის დარგის ინვესტორები სექტორში არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ბიუროკრატიას ასახელებენ.

“გრინ ენერჯი ჰოლდინგში”, რომელიც ამ დროისთვის 150 მლნ დოლარის ღირებულების ენერგო პროექტებზე მუშაობს, ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის უმჯობესი იქნება, თუკი მთავრობა ამათუ იმ პროექტზე გადაწყვეტილებას უფრო სწრაფ რეჟიმში მიიღებს.

როგორც კომპანიის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, თუკი ბიუროკრატიული პროცესები სწრაფად მოგვარდება, ისინი მზად არიან, გურიაში 15 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წელსვე დაიწყონ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 20 მლნ დოლარია.

კომპანიაში ამბობენ, რომ ინვესტორებისთვის ასევე გამოწვევად რჩება მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ენერგოპროექტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება

“[ენერგეტიკის დარგისთვის] ბევრი ხელის შემშლელი გამოწვევა არსებობს. ერთ-ერთი შეიძლება იყოს გადაწყვეტილების მიღების კუთხით ცოტა დაგვიანებული პროცესი. გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს უფრო მალე, სასურველია, რომ არ დაგვიანდეს ხოლმე, რაც მერე უკვე [ენერგოობიექტის მშენებლობის] პროცესის შემაფერხებელი ხდება ხოლმე.

მეორე [გამოწვევა] კომუნიკაციის და ზოგადად, საზოგადოებაში არსებული ასე ვთქვათ მითების პრობლემაა, რომელიც უშუალოდ ადგილზე ქმნის პროექტის განვითარების კუთხით შემაფერხებელ გარემოებას.

ჩვენს საინვესტიციო პორტფელში არსებულ პროექტებს რაც შეეხება, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით გურიაში ერთ-ერთი პროექტი ყველაზე წინწასულია. მისი დადგმული სიმძლავრე 15 მეგავატი იქნება და წლიურად 80 მლნ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ვფიქრობთ, თუ დროული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, ესაა ბიუროკრატიული პროცესი, მისი მშენებლობის დაწყება შესაძლოა, წელსაც მოესწროს”, - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში $70,2 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკის სექტორებს შორის ენერგეტიკა მოწინავეა, სადაც წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი FDI განხორციელდა, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია - შარშან ამ დროს FDI $78,7 მილიონს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები