მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასურველია, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს - იურისტი

იურისტი

იურიდიული ფირმა “ნოდია, ურუმაშვილი & პარტნიორების” მმართველი პარტნიორის ლაშა ნოდიას აზრით, სასურველია, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო მუდმივი და დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდეს, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს.

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ხარვეზებსა და რეფორმის მნიშვნელობაზე იურისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია დავების განხილვის სისტემის ხარისხობრივი ნაწილი - დღეს ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო და შემოსავლების სამსახური, ძირითადად, დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, ვინც სხვა ძირითადი საქმიანობით არის დაკავებული; ვგულისხმობ მაგალითად, მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს; მათ თავიანთი ყოველდღიური საქმეები აქვთ და დავების საბჭოს სხდომებში მონაწილეობა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობაა; ამდენად, როცა კვირის განმავლობაში 60-70 და მეტი დავა იხილება, შეუძლებელია, ყველა დავის შინაარსობრივ და მტკიცებულებით ნაწილში შევიდნენ. მართალია, არსებობს აპარატი, რომელიც ამუშავებს სადავო საკითხებს, მაგრამ აქაც ორი პრობლემა იკვეთება: პირველი - არაა სპეციალურად გამოყოფილი თანამშორმლები, ვინც დავას განიხილავენ და მხოლოდ ამ საქმით იქნებიან დაკავებული და მეორე - ინტერესთა კონფლიქტი. ჩვენი სურვილი იქნებოდა, მოვლენების იმგვარად განვითარება, რომ რეფორმის შედეგად შეიქმნას ერთი ორგანო, რომელიც დაკომპლექტდება დამოუკიდებელი კადრებით და არ იქნებიან ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოგვერიცხა ანუ ვინც ამოწმებს, ისევ იმან არ მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების დაკისრების კანონიერებაზე; დღეს რა ხდება - საგადასახადო პოლიტიკის განმსაზღვრელია შემოსავლების სამსახური ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შემოსავლების სამსახური როდესაც გადასახადის გადამხდელ იურიდულ პირს არიცხავს დავალიანებას, თუ დარიცხვა მათ პოლიტიკას ან მათ მიერ დადგენილ მეთოდოლოგიას არ ეწინააღმდგება, ბუნებრივია, ისინი მხარს ვერ დაუჭერენ ჯარიმის გაუქმებას, თუმცა ეს მეთოდოლოგია და საგადასახადო დარიცხვა, შეიძლება, არასწორი იყოს. ამდენად, მომდევნო ალტერნატივად დავის სასამართლოს სისტემაში გაგრძელება რჩება, სადაც ბიზნესმა სამი ინსტანცია უნდა გაიაროს, რომელიც არაა აუცილებელი“, - განაცხადა იურიდიული ფირმა “ნოდია, ურუმაშვილი & პარტნიორების” მმართველმა პარტნიორმა.

ამასთან, იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორის აზრით, კარგი იქნება, თუ საგადასახადო დავების ხუთსაფეხურიანი სისტემა სამამდე შემცირდება და დეტალურად ახსნა, რას გულისხმობს.

"საგადასახადო და ბიზნესდავების ოპერატიულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც - ეს ბიუჯეტის ამონაგებს ეხება და ა.შ. ამდენად, როდესაც დავა გრძელდება წლების განმავლობაში, ეს აზარალებს ბიზნესს და სახელმწიფო ბიუჯეტს და არა მხოლოდ იმის გამო, რომ გადასახადი ვერ ამოიღო დროულად, არამედ უზარმაზარ ადმინისტრაციულ ხარჯს და რესურსს ვწევთ, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე - სასამართლოს სისტემაში. ფაქტია, დღეს გვაქვს საგადასახადო დავების ხუთსაფეხურიანი სისტემა, რომელიც იწყება შემოსავლების სამსახურში, თუ ბიზნესი არ ეთანხმება მასზე დარიცხულ დავალიანებას; შემდეგ გრძელდება ფინანსთა სამინიისტროს დავების საბჭოში; მესამე, მეოთხე და მეხუთე საფეხური კი სასამართლოს სამივე ინსტანციაა (საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი).

შეიძლება, რომ შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს ორი რგოლი გაერთიანდეს და ერთი საფეხურით ნაკლები დარჩეს. ვფიქრობ, თუ ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის ერთი საფეხური დარჩება, ხოლო სასამართლოში დავის გაგრძელების შემთხვევაში, პირველადი განხილვის ორგანო სააპელაციო სასამართლო იქნება და შემდეგ კი - უზენაესი, ამთ შეიკვეცებოდა და განახევრებოდა ის ვადა, რაც ბიზნესდავის დასრულებას სჭირდება“, - განმარტა ლაშა ნოდიამ.

„დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროს სუსტი წერტილია“ - რა ეტაპზეა რეფორმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები