მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროს სუსტი წერტილია“ - რა ეტაპზეა რეფორმა?

გრანთ თორნთონი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "გრანთ თორნთონ საქართველოს" თანამმართველი პარტნიორის პაატა შურღაიას შეფასებით, დღეს, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სისტემის რეფორმა მთავრობის პრიორიტეტებში არაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მალე იქნება. აღნიშნული რეფორმის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

„ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმა ახლა პრიორიტეტებში არ ზის, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა ჩაჯდეს. ჩვენი მიზანია, ეს რაც შეიძლება, მალე მოხდეს; თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს, ამ რეფორმის დასრულება მოგვცემს შესაძლებლობას, თამამად ვთქვათ, რომ ფინანსთა სამინისტრო და მისი ყველა რგოლი ეფექტიანად მუშაობს და არცერთი ნაწილი არაა ჩავარდნილი“, - აცხადებს პაატა შურღაია.

როდის მიმართავს ბიზნესი ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს?

საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობდა, რომ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა დაიწყო“.

შემოსავლების სამსახურს ბიზნესი ₾1 მლრდ-მდე გადასახადზე ედავებოდა - 2022 წლის ანგარიში

BMG დაინტერესდა - რა ეტაპზეა რეფორმა, მაგრამ ლაშა ხუციშვილის უწყებაში, მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლნენ - „მიმდინარეობს მუშაობა“. ზოგადი ჩანაწერია 2024-2027 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მიმართულების და მონაცემების დოკუმენტშიც, სადაც ვკითხულობთ, რომ „რეფორმის ფარგლებში შეიქმნება პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საგადასახადო და საბაჟო დავების განმხილველი კოლეგიური ორგანო, რომლის წევრების შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესი უზრუნველყოფს თვით ამ ორგანოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. რეფორმის შედეგად განხორციელდება როგორც დავების განმხილველი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერება, ისე გადასახადის გადამხდელთა პოზიციის გაუმჯობესება“.

რეფორმის მიმდინარეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გაგვიზიარა თავად პაატა შურღაიამ, რომლის თქმით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) მსგავსი დოკუმენტი მომზადდა, რომლის დამკვეთი ფინანსთა სამინისტრო იყო.

„ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო 2006 წლიდან მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, სისტემამ რეფორმირების რამდენიმე ფაზა გაიარა; 2013 წელს, როდესაც მთავრობა შეიცვალა, ეს ორგანო უფრო გახსნილი გახდა, გარკვეული სტატისტიკაც ქვეყნდება, მაგრამ ახლა ბიზნესის კეთების სხვა დონეა ქვეყანაში, სხვა გამოწვევების წინაშე ვართ, ამიტომ გვინდა, ამ სისტემის რეფორმირება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი სუსტი წერტილია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფინანსთა სამინისტრომ გააკეთა დავების სისტემის თვითშეფასება, ჩათვალეს, რომ საჭიროა რეფორმირება და USAID-ს რეგულირების გავლენის შეფასების მომზადება დაუკვეთეს. სამუშაო პროცესში ჩართულები ვიყავით როგორც ექსპერტები, ასევე დარგობრივი ბიზნესასოციაციები, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და USAID-ის მიერ დაქირავებული უცხოელი სპეციალისტები, რომელთაც დაევალათ საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა.

საბოლოო ჯამში, სამი სცენარი გამოიკვეთა: პირველი - დარჩეს დავების განხილვის საბჭოს არსებული მოდელი; მეორე - ფინანსთა სამინისტროში დარჩეს, მაგრამ გაიზარდოს დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინაიდან ამჟამად საბჭოს წევრების ძირითადი საქმიანობა სხვაა და დავების განხილვაში მონაწილეობა სხვა საქმეების პარალელურად უწევთ.

მესამე სცენარი - დავების განხილვის საბჭო გადავიდეს მთავრობის დაქვემდებარებაში, მაგრამ იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო და მხოლოდ დაფინანსების ნაწილში იყოს ფინანსთა სამინისტროსთან მიბმული“, - განმარტა პაატა შურღაიამ, რომელიც მესამე მოდელს უჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ ფინანსთა სამინისტრო და მთავრობაც აღნიშნულ მოდელს დაუჭერენ მხარს.

„ჯერჯერობით, კვლევის დონეზეა, ვინ იქნება რეფორმირებული დავების განხილვის საბჭოს წევრები, მაგრამ ამოსავალია, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. ამჟამად, საბჭოში 10 წევრია, რომელთაგან 8 ფინანსთა სამინისტროს წარმოადგენს, ორი კი, დამოუკიდებელი პირია ბიზნესომბუდსმენის სამსახურიდან და საქართველოს ბიზნესასოციაციიდან. დავების განხილვის საბჭოს ამჟამად თავმჯდომარეობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, რაც შეიძლება კარგია, მაგრამ ფინანსთა მინისტრს სხვა ბევრი საქმეც აქვს და წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მთელი დღე ესწრებოდეს დავების განხილვას?!“, - ამბობს პაატა შურღაია.

„წერტილთან“ ინტერვიუში პაატა შურღაიამ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სხვა ნაკლოვანებებზეც ისაუბრა და ხაზი საქმეების დიდ რაოდენობას გაუსვა.

„2023 წლის სტატისტიკა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ 2022 წელს სულ 72 სხდომა გაიმართა, სადაც 2796-მდე საჩივარი განიხილეს ანუ ერთ სხდომაზე, საშუალოდ, 38 საქმე განიხილებოდა. წარმოიდგინეთ, საბჭოს წევრები, რომლებსაც სხვა ძირითადი საქმეებიც აქვთ, ყველა საქმეს დეტალურად უნდა გაეცნონ, დისკუსია გამართონ და მიიღონ გადაწყვეტილება; თქვენ შეგიძლიათ, ერთ დღეში 10 ინტერვიუსთვის სრულყოფილად მოემზადოთ?! ბუნებრივია, არა. რთულია, ამ სიტუაციაში საქმე პროფესიონალურად აღსრულდეს ანუ ჩავარდნაა“, - განაცხადა პაატა შურღაიამ.

“გრანთ თორნთონ საქართველოს" თანამმართველი პარტნიორი იმედოვნებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს განხილვის რეფორმას მთავრობაშივე გამოუჩნდება ლობისტი, რაც სისტემის რეფორმირების დაჩქარებას და დასრულებას შეუწყობს ხელს.

„ლობირება სჭირდება ყველა თემას - ვგულისხმობ, მთავრობის შიგნით ლობირებას; ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რატომ არის ეს თემა გადასაწყვეტი“, - აღნიშნა პაატა შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები