"გრანთ თორნთონ საქართველოს" თანამმართველი პარტნიორი, პაატა შურღაია ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონი ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს და მისი განხილვა უნდა შეწყდეს.
როგორც შურღაიამ BMG-სთან განაცხადა, არსებული ვითარების ფონზე, მხოლოდ კანონპროექტის გატანა საკმარისი არ იქნება და ნაბიჯები განჭვრეტადი უნდა იყოს, რაც მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციისთვისაც მნიშვნელოვანია.
„ყველას, მათ შორის, ჩვენი დამოკიდებულება, ინვესტორების დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც წინ გადავდგით და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები იწვევს, რომ ჩვენი შრომა წყალში იყრება. როდესაც გაგიტყდება სახელი პარტნიორთან, უკვე ხვალ და ზეგ სხვა შეთანხმების მიღწევა იქნება გართულებული, ეს არა მხოლოდ მთავრობას, ზოგადად ქვეყანას და საზოგადოებას ეხება.
შედეგებს დავინახავთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში წლის ბოლოს, დასაქმების, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების, დაფინანსების კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი იქნება ასახული, თუ არ შევწყვიტეთ კანონპროექტის განხილვა და ჩვენი მოძრაობა არ იქნა განჭვრეტადი. დღეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, მარტო შეწყვეტა საკმარისი არაა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ხვალ რა არის დაგეგმილი და ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული. ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეც ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები ვიყოთ და არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ყველასთვის გაურკვეველი იყოს, რისთვის ვაკეთებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდირება. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი და ის პოზიტიური გადაწყვეტილებები, რომლებიც დავაფიქსირეთ, ბოლომდე იყოს მიყვანილი“,- ამბობს პაატა შურღაია.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დაიწყო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკითხს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.