მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესმა შესაძლოა, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ კი არბიტრაჟს მიმართოს

61baebdf6d089
დავით ჯალაღონია
16.12.21 11:43
865
სათამაშო ბიზნესმა შესაძლოა, ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს, შემდეგ კი საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს. მიზეზი კი აზარტული თამაშების შეზღუდვებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტია.

"ევროპაბეთის" ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ BMG-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შვედი ინვესტორები არიან, რომლებიც მთავრობის მიერ რეგულაციების დაჩქარებული წესით მომზადების გამო, გაკვირვებას ვერ მალავენ.

გარდა ამისა, გიორგი ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ შვედეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ინვესტორების მიერ სამართლებრივი დავის დაწყების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

"ჩვენი ინვესტორები შოკირებულები იყვნენ, როცა შეიტყვეს, რომ ასეთი გზით ხდება კომუნიკაცია. როგორც წესი, მათ აქვთ პრაქტიკა, რომ ასეთი ინიციატივების წინ მთავრობები შეხვედრებს აწყობენ და არის დისკუსიები და ეს ხდება ასეთი პროგრამებისა და კანონპროექტების დანერგვამდე თვეებით და წლებით ადრე. ამიტომ ინვესტორების მხრიდან გაკვირვება არის და ცოტა ბანანის რესპუბლიკასავით შემოგვხედეს, რაც ჩვენთვის რეპუტაციულად ძალიან ცუდია. ხედავენ, რომ არსაიდან ვიგონებთ რაღაც კანონებს, ისევ არავინ გაგვიფრთხილებია, ინვესტორებმა ფული ჩადეს და უცებ მათი ინვესტიციების ხელყოფა ხდება.

ასევე, არსებობს ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებები შვედეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ შვედურ კომპანიას წარმოვადგენთ და არსებობს ასეთივე ტიპის ხელშეკრულება საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის. მათი ადეკვატური რეაქცია ამაზე არის ის, რომ იქნებ დაგველაპარაკონ, შეგვხვდნენ, რის მოტივაციას და სურვილსაც ვერ ვხედავთ და ერთდადერთი გზა იქნება, რომ ეს ყველაფერი სასამართლოში გავაგრძელოთ. ყველა გზას გვიჭრის მთავრობა და გვიწევს, რომ ჯერ საკონსტიტუციოში ვიდაოთ და შემდეგ უკვე - არბიტრაჟში, უკვე ამ ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

ამასთან, "ევროპაბეთის" ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესისთვის მეტნაკლებად გასაგებია მთავრობის მისწრაფებები შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც ეს კანონპროექტშია მოცემული.

"იმდენად მოკლე ვადაში ხდება ეს ყველაფერი, რომ სრულიად მოუმზადებლები ვხვდებით ამ ყველაფერს. სულ რაღაც ორი კვირის წინ დაიძრა ეს ყველაფერი, რაღაც სიზმარში ვართ და ვერ ვახერხებთ გადაწყობას, მაგრამ გვაქვს რაღაც კონკრეტული გეგმები. შესაძლოა, სპორტის პროდუქტი გავთიშოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტვირთია და სხვა დანარჩენი ქმედებებიც მოყვება ამას, რაც დამაზიანებელია ისევ და ისევ ჩვენთვის. გაუგებარია, როგორ მოხდება მოქალაქეების წვდომის ჩაკეტვა სხვადასხვა საიტზე ან ასევე - თანხების მოძრაობის, რადგან არსებობს კრიპტოვალუტა, ელექტრონული საფულეები, რომელსაც ვერცერთი ეროვნული ბანკის ეგიდით მოქმედი კომერციული ბანკი, ან საგადახდო ოპერატორი ვერ გააჩერებს.

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ლოგიკურ და ადეკვატურ რეგულაციას და არა - აკრძალვას, ოღონდ გვინდა, ვურჩიოთ ჩვენს მთავრობას, რომ არსებობს რაღაც ხერხები და მოდელები, თუ როგორ უნდა დავარეგულიროთ. აღსრულებასთან გვაქვს პრობლემა და არა - მისწრაფებასთან. მისწრაფებებში, რაღაც მომენტში ჩვენ მივყვებით. ჩვენთვის დამაზიანებელია, მაგრამ არ არის კრიტიკულად დამაზიანებელი. ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უბრალოდ არ გვაძლევს უფლებას, საგანგაშო ზარი არ გამოვცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში უარესი ფონი შეიქმნება", - განმარტა მან.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედი აზარტული თამაშების კომპანიების მფლობელებს, გიორგი ნიჟარაძის ინფორმაციით, "ევროპაბეთი" 100%-ით შვედურმა კომპანიამ შეიძინა, "კრისტალბეთმა" უცხოელ პარტნიორთან მოლაპარაკება უკვე დაასრულა.

"ასევე, დარჩენილია "აჭარაბეთის" შესყიდვა, საიდანაც 50%-ს უცხოელი ინვესტორი მიიღებს, 50%-ს ქართველი და ეს გარიგება უნდა დაიხუროს მომავალი წლის მარტში, თუ არ ვცდები", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებების თანახმად, 25 წლამდე ასაკის პირებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ეს აკრძალვა ჯამში, მილიონამდე ადამიანს შეეხება. ასევე, შეიქმნება დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიები მოთამაშის, ან მისი ოჯახის წევრის მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კანონპროექტით, აზარტული თამაშების რეკლამა ტელევიზიით იკრძალება, ხოლო ბიზნესს გადასახადები ეზრდება.

კანონპროექტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები