მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშოებზე უსაფრთხოების კონტროლი მიმდინარეობს, თუმცა მასშტაბი მცირეა - კობალაძე გამოსავალზე

სამი ძა

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 9 იანვარს ორ ქართულ მაღაზიაში რეალიზებული ლატექსის ბუშტებში მავნე ქიმიური ნივთიერებების შემცველობა გამოავლინა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია მაღაზია “სამმა ძმამ” გაავრცელა და საფრთხის შემცველი პროდუქცია მომხმარებლებისგან უკან გამოითხოვა.

აღნიშნული პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოში რეალიზებულ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ მიიქცია.

როგორ მიმდინარეობს სათამაშოებსა და სხვა პროდუქციაზე უსაფრთხოების კონტროლი და რა მექანიზმები არსებობს მომხმარებლის დასაცავად - ამ საკითხზე “ანალიტიკას” ეთერში ვახტანგ კობალაძე, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი საუბრობს. მისი თქმით, მარეგულირებელი უწყება პროდუქციის კონტროლს ახორციელებს, თუმცა მასშტაბები ძალიან მცირეა.

“სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი 2021 წლიდან დაიწყო. მანამდე, ათწლეულების განმავლობაში, ამ კუთხით არაფერი კონტროლდებოდა. ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა მასშტაბი ძალიან მცირეა. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ამოწმებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას და დარღვევის შემთხვევაში მას ბაზრიდან იღებენ, ეს ასე ხდება ყველა ქვეყანაში.

ჩვენი ორგანიზაცია ხელისუფლებას დიდხანს მოუწოდებდა, რომ მსგავსი კონტროლი დაწესებულიყო, და ეს ეხება ყველა სხვა სამომხმარებლო პროდუქტს, რომლებიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამოსავალი ერთია: სახელმწიფომ ეფექტიანი კონტროლი უნდა დაიწყოს და ამისთვის შესაბამისი რესურსები გამოყოს. კონტროლის მასშტაბი იმდენად მცირეა, რომ ვფიქრობთ, სახიფათო პროდუქცია ჯერ კიდევ ბევრია ბაზარზე და საფრთხეც შესაბამისად, დიდია”, - ამბობს კობალაძე.

მისი განმარტებით, კონტროლის მექანიზმი პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება და დარღვევის შემთხვევაში მისი ბაზრიდან ამოღებაა, თავად რეალიზატორს კი, უწყებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, სასჯელის სახით ჯარიმა არ ეკისრება.

“პროდუქციის ბაზრიდან ამოღებაა კონტროლის შედეგი, თუ მოთხოვნებს არ დაემორჩილება რეალიზატორი, შემდეგ ჯარიმდება, თუმცა პირველ ჯერზე, თუკი ის ითანამშრომლებს სახელმწიფო უწყებებთან, სადამსჯელო ღონისძიება არ შეეხება.

როდესაც ასეთი ფაქტი გამოვლინდება, ცხადია, კომპანიაც და მარეგულირებელი სააგენტოც ვალდებულები არიან, ეს ინფორმაცია რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ, მხოლოდ განცხადებით არ უნდა შემოიფარგლონ და თუ, მაგალითად, ბითუმად აქვთ მიწოდებული ვინმესთვის, მასაც უნდა მიმართონ და გააგებინონ, რომ მანაც ამოიღოს გაყიდვიდან - ამ ვალდებულების შეუსრულებლობა დანაშაულია”, - განმარტავს ვახტანგ კობალაძე.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში შემოსულ იმპორტულ პროდუქციას უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტიც ახლავს, თუმცა, როგორც კობალაძე განმარტავს, საჭიროა უკვე ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სათამაშოების ლაბორატორიული შემოწმებაც.

“ როდესაც საზღვარზე პროდუქცია შემოდის, მას უნდა მოჰყვეს უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ გარეშე არ უნდა დაიშვებოდეს პროდუქტი საქართველოში, მაგრამ თვითონ ქვეყნის შიგნით ლაბორატორიული კონტროლი ძალიან დაბალია. აუცილებელია, რომ დოკუმენტურ შემოწმებას ლაბორატორიული კვლევაც მოჰყვეს, თუმცა შეუძლებელია, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ასე შემოწმდეს”, - აღნიშნავს ვახტანგ კობალაძე.

მარეგულირებელი უწყების ინფორმაციით, სააგენტომ ბაზრიდან 10 სხვადასხვა დასახელების ბუშტის ნიმუში შემოწმების მიზნით თურქეთში გაგზავნა, საიდანაც 3 დასახელების პროდუქტმა შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროდუქტები შეიცავენ NDELA, NDMA და სხვა ნიტროზამინების, რაც წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ და რეპროდუქციისათვის საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს (CMR), რომელიც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები