ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად ადგილობრივი წარმოების პროდუქტებში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევა იქცა. თემის გარშემო დისკუსია, ერთი მხრივ, "ბაკურიანის" ბოთლში სავარაუდოდ აღმოჩენილი აზოტმჟავას შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ, მეორე მხრივ კი - "იფქლის" პურში ნაპოვნი უცხო სხეულის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა გამოიწვია. ამ ცნობებს სურსათის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა და კომპანიებიც, თუმცა, საბოლოოდ, საზოგადოებისთვის მაინც გაურკვეველი დარჩა, სინამდვილეში რა მოხდა.
"სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, როდესაც პროდუქტში გარკვეული დარღვევები ვლინდება.
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის სწორად მიწოდებას. პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მოსახლეობას მიაწოდონ ოპერატიული და ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდეს პანიკის გავრცელება ან არასწორი დასკვნების გამოტანა და მწარმოებლის თუ სახელმწიფო მაკონტროლებელი სტრუქტურების მიმართ ეჭვების გაჩენა.
მეორე მხრივ, ის კერძო სტრუქტურებიც, ვისაც ესა თუ ის დარღვევა აღმოუჩინეს, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელებას. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ დიდი კომპანიები ცდილობენ, მიჩქმალონ ფაქტები და შეცდომების აღიარების ნაცვლად ცდილობენ, შეთქმულების თეორიები შეთხზან", - ამბობს ვახტანგ კობალაძე.
კითხვაზე, როგორია საერთაშორისო გამოცდილება მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ იქცევიან სახელმწიფო უწყებები, როდესაც ადგილობრივი წარმოების პროდუქტის მავნებლობაზე ვრცელდება ინფორმაცია, კობალაძე განმარტავს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მთავარი სწორი მექანიზმების არსებობაა.
"ნორმალურ პირობებში, რომლებშიც, სამწუხაროდ, არ ვიმყოფებით, პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურები არიან გამჭვირვალე. როდესაც რამე დარღვევას გამოავლენენ, უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომ ინფორმაცია ოპერატიულად და სრულად გამოქვეყნდეს.
ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან წლებია დავა გვაქვს, რადგან ის არ აქვეყნებს ინფორმაციას, როდესაც დაბინძურებული პროდუქტი აღმოჩნდება. ინფორმაციას აქვეყნებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვრცელდება ჭორები, გამოჟონავს ინფორმაცია და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გამოქვეყნება. ნორმალურ ქვეყნებში ასე არ ხდება", - განაცხადა კობალაძემ.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ თავად საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, გავრცელებული ინფორმაცია ადეკვატურად მიიღოს და პანიკას არ აჰყვეს, რადგან შეცდომისგან არცერთი კომპანია დაზღვეული არ არის და მთავარია, თავად კომპანია როგორ აანაზღაურებს გამოწვეულ ზარალს.
"ნორმალური ეკონომიკის პირობებშიც კი შეუძლებელია, რომ 100%-ით განვითარებულმა ბიზნესობიექტმაც კი თავი დაიზღვიოს შეცდომისგან. ეს შეცდომა უნდა აღიაროს, გამოიკვლიოს მიზეზები, გამოასწოროს ზიანი და საზოგადოებისთვის ძალიან გამჭვირვალედ ახსნას, როგორ განაგრძობს საქმიანობას იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომების შანსი მინიმუმამდე იყოს შემცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია, ასეთი ტიპის ინფორმაციები ვრცელდება, საზოგადოებაც არ არის მზად, რომ ადეკვატურად მიიღოს ცნობა დარღვევების შესახებ, ისტერიული რეაქციები არის ხოლმე სეს-ის მიმართაც, ბიზნესოპერატორის და მისი პროდუქციის მიმართ. უნდა გავაცნობიეროთ საზოგადოებამ, რომ ნებისმიერი კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს გაუგებრობაში, შეიძლება შეცდომა მოუვიდეს და მისი პროდუქცია დაბინძურებული აღმოჩნდეს", - ამბობს ვახტანგ კობალძე.
"ბაკურიანი ციდას" წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის უვნებლობის სააგენტო
სეს-მა "იფქლს" საწარმოო პროცესის შეუსაბამობის გამო ერთი ღუმელი შეუჩერა - რას პასუხობენ კომპანიაში?




























