სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანია „იფქლს“ საწარმოო ხაზი კრიტიკული შეუსაბამობის გამო გაუჩერა.
საქმე ის არის, რომ საინფორმაციო პლატფორმა momxmarebeli.ge-მ დღეს გაავრცელა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოქალაქისთვის მიწერილი წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მოქალაქემ ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ორ ნაბიჯში“ შეიძინა კომპანია „იფქლის“ [ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ხარაძის ქ. N 2ა] პური, რომელშიც აღმოჩნდა უცხო სხეული. მოქალაქის სატელეფონო შეტყობინება უწყებაში 30 იანვარს შევიდა და ის მწარმოებლის შემოწმებას ითხოვდა.
მიმართვის საფუძველზე სურსათის ეროვნული სააგენტომ „იფქლის“ კუთვნილ საწარმოში მითითებული მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოებაში არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.
სეს-ის მიერ მოქალაქისადმი მიწერილ საპასუხო წერილში წერია:
„შემოწმებისას გამოვლინდა, რომ შპს იფქლი არ არის რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ბიზნესოპერატორი ახდენდა საქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 65-ე მუხლის ნაწილი I-ის შესაბამისად დაჯარიმდა 1 000 ლარის ოდენობით, შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე. ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად“.
BM.GE-ის სურსათის ეროვნულ სააგენტოში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურეს.
BM.GE-მ კომპანია „იფქლსაც“ მიმართა. კომპანიის კორპორაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი გენრიეტა გოცაძე აცხადებს, რომ კომპანია სრულად გაჩერებული არ არის და შემოწმების შედეგად მხოლოდ ერთი ხაზი გაჩერდა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ "იფქლის" წარმოების პური „ორი ნაბიჯის“ ქსელში არ იყიდება და მომხმარებლის მიმართვა მათ პურს არ ეხებოდა.
„ხსენებულ მაღაზიათა ქსელში ჩვენი პროდუქტი საერთოდ არ შედის, მას სხვა კომპანია ამარაგებს. შესაბამისად, პროდუქტი, რომელშიც უცხო სხეული იქნა აღმოჩენილი, ჩვენი ვერანაირად ვერ იქნებოდა, და არც იყო.
რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს: აღნიშნული სამსახური ჩვენს ობიექტებზე ხშირად ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ ვიზიტებს, რა დროსაც გვაძლევენ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომლებიც ყოველთვის სრულდება ჩვენი მხრიდან. გუშინდელი ვიზიტის დროს შენიშვნა ჰქონდათ ერთ ღუმელთან დაკავშირებით, აღნიშნული ღუმელი გავაჩერეთ, ვმუშაობთ ამ საკითხზე და უმოკლეს ვადაში იქნება მზად რომ კვლავ გააგრძელოს მუშაობა. საწარმოო პროცესი გაჩერებული არ არის, მხოლოდ ერთი ღუმელია გათიშული“, - აღნიშნა გენრიეტა გოცაძემ.
კითხვაზე - მიაწოდეს თუ არა შემოწმებისას სააგენტოს წარმომადგენლებს ინფორმაცია, რომ „ორ ნაბიჯში“ მათი პური არ იყიდება, „იფქლში“ აცხადებენ: „სეს-ის წარმომადგენლებისგან მხოლოდ ის ინფორმაცია მივიღეთ, რომ ვიზიტს მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე ახორციელებდნენ. ის, რომ პროდუქტი "ორ ნაბიჯში" იყო შეძენილი, ჩვენც დღეს გავიგეთ, მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა სეს-ის წერილი გაასაჯაროვა“.
„იფქლში“ იმასაც აზუსტებენ, რომ საწარმოო პროცესი შეჩერებული არ არის. „აღნიშნულ ქარხანაში გვაქვს 6 ხაზი (6 ღუმელი), რომელთაგან ვამუშავებთ 5-ს. წარმოებაში შეფერხება არ გვაქვს, დადგენილი პერიოდულობით თითო ღუმელს ყოველთვის ვაჩერებთ, რომ გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავუტაროთ ხოლმე“, - უთხრეს BM.GE-ის კომპანიაში.
"იფქლის" წარმომადგენელს ისიც ვკითხეთ, რატომ არ იყო სურსათის მწარმოებლად რეგისტრირებული, რაზედაც გვიპასუხეს: „რეესტრში რეგისტრირებულები ვართ, ინფორმაცია გუშინ განახლდა. ჩვენს პურს არ ეხებოდა მომხმარებლის მიმართვა და შეჩერებული არ გვაქვს საწარმოო პროცესი
სურსათის ეროვნულ სააგენტოს დავუკავშირდით, რომ სწორი ინფორმაცია გაავრცელონ და ველოდებით მათ რეაგირებას“.