მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათბურების სახელმწიფო კომპანია 3.5 მილიონად მრჩეველებს ეძებს

623adb6d53b2f
შოთა ტყეშელაშვილი
24.03.22 09:00
2654
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომპანია “იმერეთის აგრო ზონა”, რომელიც იმერეთში სასათბურე კლასტერის განვითარებას ისახავს მიზნად, 3.5 მილიონი ლარის ღირებულების საკონსულტაციო სერვისის შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი განაცხადით კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

ტენდერის თანახმად, საკონსულტაციო კომპანიამ 3.5 მილიონ ლარად უნდა შეიმუშავოს სათბურების კლასტერის განვითარების პროექტი.

შპს „იმერეთის აგრო ზონა” 2017 წელს დაფუძნდა და მასზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სახელმწიფო კომპანია მართავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 220 ჰექტარის მიწის ნაკვეთს, რომელზეც ის სათბურების განვითარებისთვის კერძო ინვესტორებს იწვევს. სწორედ კერძო ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად ახალი დოკუმენტი, რომელიც საკონსულტაციო კომპანიამ უნდა შეიმუშავოს.

“ შესყიდვის საგანია შპს იმერეთის აგრო ზონის (IAZ) სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების (GHCD) პროექტისათვის 2022-2023 წლებში საჭირო საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა კონკურსის წესით. აღნიშნული GHCD პროექტი ინიცირებულია შპს „იმერეთის აგრო ზონის“ მიერ და მხარდაჭერილია სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. აღნიშნული შესყიდვის ჩატარების ძირითადი მიზანია, ათწლიანი ბიზნეს გეგმის მიხედვით, წინადადებების მიღებაზე მოთხოვნის (RfP) პროცესის დროს მიღებული წინადადებების საფუძველზე, საჭირო სამუშაოების განხორციელება / იმპლემენტაცია, როგორც ეს განსაზღვრულია 2021 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ RfP დოკუმენტში,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

რატომ დააფუძნა მთავრობამ "იმერეთის აგრო ზონის" კომპანია?

ოფიციალური განმარტების თანახმად, „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი გულისხმობს, რომ კომპანია, არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განავითარებს სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, როგორებიცაა: შიდა და გარე გზები, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წყაროების მიყვანა აღნიშნულ ტერიტორიებამდე, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია, რომ ამ ინფრასტრუქტურის შექმნა დააინტერესებს კერძო ინვესტორებს და ისინი განახორცილებენ ინვესტიციებს სასათბურე მეურნეობებში. თუმცა, ამ დროისთვის გაურკვეველია თუ რა ეფექტი შეიძლება გამოიღოს მთავრობის მიერ პროექტში ჩადებულმა მილიონობით ლარის ფულადმა რესურსმა და დაინტერესდებიან თუ არა პროექტით ინვესტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები