სათხილამურო ტრასებისა და გათოვლიანების სისტემების ოპერატორმა კომპანია "მთის ტრასების სააგენტომ" (ემ თი ეი) 2024 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის საოპერაციო შემოსავალი დაახლოებით 9 მილიონი ლარით, 24.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა შემოსავლების ზრდასთან ერთად გაიზარდა კომპანიის ხარჯიც რის გამოც 2023 წელს არსებული 7.6 მილიონიანი ზარალი 2024 წელს 16.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომპანიის მთავარ ხარჯს დასაქმებულთა ხელფასები წარმოადგენდა, რაზეც 20.7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ცვეთის ხარჯი 3.7 მილიონი ლარი იყო, ამასთან სხვა ტექნიკური, მარკეტინგული, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო ხარჯები საერთო ჯამში 23.9 მილიონ ლარს აღწევდა.
კომპანიის შემოსავლის მთავარი წყარო საბაგიროების აბონემენტების რეალიზაციაა, რაც 2024 წელს 24.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
სულ კომპანიის აქტივები 147 მილიონი ლარი, წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებით დაგროვილი ჯამური ზარალი კი 565 მილიონი ლარია. მუდმივი ზარალის კომპენსაციის და ახალი საბაგიროების მშენებლობისთვის კომპანია პერიოდულად სახელმწიფოსგან მრავალმილიონიან სუბსიდიებს იღებს.
კომპანიის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია:
ბაკურიანში:
● 2 საბაგირო გზა კოხტაზე, 3 საბაგირო გზა მიტარბიზე; ხოლო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, დიდველზე საერთაშორისო სტანდარტების 3 საბაგირო კომპლექსი აშენდა. პროექტ “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის ფარგლებში” დადგმული უახლესი საბაგიროები ინოვაციურია მთელ რეგიონში, - მათი გამტარუნარიანობა, ჯამურად, საათში 5400 მგზავრია, რომლის გაზრდაც 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი.
● ამავე პროექტის ფარგლებში, დიდველისა და მიტარბის არეალებზე, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა. ტბების ჯამური მოცულობა - 307 000 მეტრ კუბია; დიდველისა და მიტარბის წყლის რეზერვუარები ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
● მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, დიდველის, კოხტასა და მიტარბის სათხილამურო არეალებზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლოსამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. 29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, მთის კურორტზე სეზონის დროულად დაწყებისა და გახანგრძლივების მიზნებს ემსახურება. 2024 წლისთვის, ხელოვნური გათოვლიანება უზრუნველყოფილია ბაკურიანში სასრიალო ტრასების 95%-ზე. გათოვლიანების სისტემა ასევე უზრუნველყოფს საერთაშორისო რანგის შეჯიბრებების შესაბამისი სტანდარტით, ხელოვნურ საფარზე ჩატარებას.
● 2024 წელს, ბაკურიანში გაიხსნა ახალი, 3კმ სიგრძის სასრიალო ტრასა, რითიც ბაკურიანის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 33კმ-დან 36კმ-მდე გაიზარდა.
გუდაურში:
● მოეწყო 5 საბაგირო გზა, კობი-გუდაურის სათხილამურო გზა, კობში ზვავსაწინააღმდეგო სისტემა და გათოვლიანების სისტემები.
● გუდაურში მოეწყო წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3), რომლითაც უზრუნველყოფილია ამ ეტაპზე კურორტის 10% სასრიალო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება. კომპანია მუდმივად მუშაობს გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემების განვითარებაზე.
● 2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე, გუდაურში დამატებით 2 ახალი საბაგირო კომპლექსი აშენდა. 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ბაბლი) საბაგიროების გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრია, რაც ვიზიტორთა მზარდ ნაკადს და საერთაშორისო ღონისძიებების მაღალი სტანდარტით ჩატარებას ემსახურება. აღნიშნული პროექტით, გუდაურის 70კმ-იანი სასრიალო ტრასების საერთო სიგრძე 76კმ-მდე გაიზარდა.
● 2024 წელს, გუდაურში კიდევ ერთი ახალი, 4კმ სიგრძის სასრიალო ტრასა მოეწყო. შედეგად, გუდაურის სასრიალო ტრასების ჯამური სიგრძე 80კმ გახდა.
მესტიაში:
● 2015-2021 წლებში აშენდა: მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, თეთნულდის საბაგირო კომპლექსი, ჰაწვალის ახალი საბაგირო გზა; ენერგოეფექტური საზოგადოებრივი სივრცეები, რომელიც მოიხმარს მზის ენერგიას და აღჭურვილია სკამებით, მაგიდებით და ელ.მოწყობილობების დასამუხტებით.
● 2022 წელს, ზურულდის მთაზე, ამიერკავკასიაში ყველაზე სწრაფი საბაგირო კომპლექსის მშენებლობა განხოციელდა. ჰაწვალისა და ზურულდის დამაკავშირებელი, 10-ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროს სიგრძე - 1 421 მეტრია, გამტარუნარიანობა საათში - 1 800 მგზავრი.




























