ბიზნესმენის და კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნა იმდენად გაზარდა, რომ ქვეყანა ამ მოცულობების გატარებას "ვერ აუდის".
ამის შესახებ მან თიბისის მიერ გამართულ ღონისძიებაზე - „თიბისი და პარტნიორები“ ჟურნალისტებს ქვეყანაზე ომის გავლენის შეფასებისას განუცხადა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ, გაზრდილი ტვირთნაკადის მომსახურების მიზნით, რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა განახორციელოს.
„იმ ტრაგიკულ მდგომარეობაში, რაც რუსეთ-უკრაინის ომში ხდება, ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველოს უკეთესი პოზიციონირება აქვს. სატრანსპორტო დერეფანზე ისეთი მოთხოვნაა, რომ ჩვენი ქვეყანა ამის გატარებას ვერ აუდის. უმჯობესი იქნებოდა თუ უკეთესი ინფრასტრუქტურით დავხვდებოდით, მაგრამ საგზაო, სახმელეთო და სარგინიგზო გზებზეც უდიდესი მოთხოვნაა. ხელისუფლებამ დაუღალავად უნდა აკეთოს ინფრასტრუქტურა, რომ მეტი ტვირთი გაატაროს, ტვირთის გატარება ხომ ფულია“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ბიზნესმენმა ლარის გამყარების ტენდენციაც შეაფასა და განაცხადა, რომ ბიზნესისთვის ეროვნული ვალუტის კურსი ინფლაციის პირობებში სასიხარულოა.




























