2024 წელს, საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 3.1 ლარი, ხოლო დიზელისთვის 3.3 ლარი იყო.
საწვავის ფასების დინამიკას TBC Capital-ის პუბლიკაციაში ვხვდებით, სადაც აღნიშნულია, რომ საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ფასები გაზრდილია.
"საწვავის ფასები საქართველოში მჭიდროდაა დამოკიდებული მსოფლიოს ნავთობის ფასზე. ფასის ინდექსი საგრძნობლად დაეცა კოვიდ-19-ის შეზღუდვების პერიოდში, შემდგომში მოთხოვნის ფონზე.
ფასები მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის დასაწყისში, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მკვეთრად გაზარდა და ეს ყველაფერი საქართველოს ბაზარზეც აისახა.
2019-2021 წლებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასები მეტწილად თანაბრად იცვლებოდა, თუმცა, 2022 წლის თებერვლიდან ეს დინამიკა შეიცვალა. საწვავის ფასები 2022 წლის პიკის შემდეგ შედარებით მაღალ დონეზე დარჩა, განსაკუთრებით დიზელის შემთხვევაში", - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

საწვავის ფასზე მოქმედი ფაქტორები, TBC Capital-ის თანახმად:
ნედლი ნავთობის ბაზარზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს, კერძოდ: მიწოდება (OPEC და არა-OPEC), მოთხოვნა (OECD და არა-OECD), მარაგები და მოლოდინები.
OPEC აქტიურად განსაზღვრავს ნავთობის წარმოებას წევრი ქვეყნებისთვის. მსოფლიოს ნედლი ნავთობის დაახლოებით 35% მიწოდების კონტროლით, OPEC-ს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფასებზე. ორგანიზაცია ასევე ფლობს მსოფლიოს თითქმის სრულ სათადარიგო წარმოებას, რაც წარმოადგენს ბუფერს, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო მოგებაზე რეაგირების შესაძლებლობასა და ფასის ცვლილების შერბილების საშუალებას. მეორე მხრივ, ორგანიზაციის არაწევრი მწარმოებლები ოპერირებენ დამოუკიდებლად, გადაწყვეტილებებს იღებენ ეკონომიკური ფაქტორებისა და ბაზრის მდგომარეობის მიხედვით, მოგების მაქსიმიზაციის მიზნით. OPEC-ის არაწევრი მიმწოდებლები უფრო მგრძნობიარე არიან ბაზრის მიმართ, თუმცა, აქვთ შეზღუდული საოპერაციო წარმოება, რის გამოც გლობალური ფასების სტაბილიზაციაში მთავარი როლი OPEC-ს რჩება.
მსოფლიოს ნავთობზე მოთხოვნა მჭიდროდაა დამოკიდებული არა-OECD ქვეყნებზე, სადაც ეკონომიკა და პოპულაცია მკვეთრად მზარდია, ისევე როგორც ინფრასტრუქტურისა და ავტომობილების რაოდენობა, რაც ზრდის საწვავის მოხმარებას. არა-OECD ქვეყნების ეკონომიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნავთობის ფასებზე. მეორე მხრივ, OECD ქვეყნების ენერგოპოლიტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობა, საგადასახადო დაბეგვრა და ა.შ. გავლენას ახდენს მოხმარებაზე.
დამატებით, საწვავის მარაგები ასევე დიდ როლს თამაშობს საბაზრო ფასის დადგენასა და მოთხოვნა-მიწოდების მოლოდინებს შორის.
საქართველო, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა, საბაზრო ფასის მიმღებია. ქვეყანაში საწვავის სამომხმარებლო ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბირჟასთან.
საბოლოო ფასს საქართველოში ავტოგასამართი სადგურები განსაზღვრავს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:
-
შესყიდვის ფასი: საცალო მოვაჭრეები ყიდულობენ ნავთობპროდუქტებს უცხოელი მიმწოდებლებისგან, ფასი კი განისაზღვრება სხვადასხვა საერთაშორისო ბირჟების მიხედვით.
-
გაცვლითი კურსი: შეთანხმება ხდება უცხოურ ვალუტაში.
-
წმინდა მოგების მარჟა: კომპანიის მოგება, რომელიც ემატება შესყიდვის ფასს სამომხმარებლო ფასის მისაღებად.
-
სხვა ხარჯები: მოვაჭრეებს აქვთ დამატებითი საოპერაციო ხარჯები, როგორიცაა დისტრიბუცია, ტრანსპორტირება, ხელფასები და სხვა.
-
გადასახადები: სააქციზო განაკვეთი ბენზინზე არის 500 ლარი/ტონა (დაახლოებით 0.39 ლარი/ლიტრი), ხოლო დიზელზე - 400 ლარი/ტ (0.34 ლარი/ლ). მოგების კომპონენტისა და აქციზის შემდეგ ფასს ემატება დღგ, რაც საბოლოო სამომხმარებლო ფასს 18%-ით ზრდის.




























