მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის გაიაფების რესურსი კომპანიების მოგების მარჟაშია - ვახტანგ იობაშვილი

ვახტანგ იობაშვილი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასა და ფასების შემცირების პერსპექტივებს აფასებს. მისი თქმით, მთავრობა დაინტერესებულია ფასების კორექტირებით, ხოლო ამ ეტაპზე ყველა იმპორტიორი კომპანია საკუთარ საფასო ფორმულაზე მუშაობს.

დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არსებობს მკაცრი ფორმულა, რომლის მიხედვითაც დგინდება საწვავის საბოლოო ფასი. ეს კომპონენტებია: საერთაშორისო ბაზარზე (Platts-ის მიხედვით) გადახდილი ღირებულება; ლოგისტიკა და ტრანსპორტირება; გადასახადები; შენახვისა და რეალიზაციის ხარჯები; კომპანიის მარჟა.

ვინაიდან შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები ფიქსირებულია და კომპანიებზე არ არის დამოკიდებული, ფასის შემცირების ერთადერთ რესურსად იმპორტიორების მოგების მარჟა რჩება.

„ყველა კომპანია დღეს მუშაობს და ცდილობს გამოიყვანოს ის ფორმულა, თუ რამდენ პროცენტიანი კორექტირებაა შესაძლებელი. შესყიდვისა და ლოგისტიკის რგოლში ფასს ვერ შეამცირებ. რესურსი შეიძლება იყოს მოგების მარჟაში. კომპანია თვითონ დაადგენს ფასს - რამდენი უნდა გაყიდოს, რა უნდა მოიგოს. დამეთანხმებით ალბათ, რომ ბიზნესმა უნდა მოიგოს. ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა შესაძლოა, კომპანიებმა საკუთარი მოგების წილი შეამცირონ“, - ამბობს იობაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ზუსტი რიცხვების დასახელება ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან საწვავის ფასი მსოფლიო სანავთობო ბაზარზეა დამოკიდებული. ბაზარი კი, არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ დროს შესაძლოა, ფასები შეიცვალოს.

ამასთან, იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოს ბაზარი რამდენიმე მიმართულებიდან მარაგდება. ლოგისტიკური სიმარტივის გათვალისწინებით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, რომელიც ვახტანგ იობაშვილის ინფორმაციით, ბაზრის დაახლოებით 50%-ს იკავებს. მნიშვნელოვანი მომწოდებლები არიან რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი და ბელარუსი. ხოლო დიზელის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომელიც ამ სეგმენტის 40%-ზე მეტს ფარავს. თუმცა აზერბაიჯანი ვერ აწვდის ბაზარს ბენზინს, რადგან იქ „ევრო 5“ სტანდარტის საწვავი არ იწარმოება.

სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია ნავთობპროდუქტების ფასებზე სამსჯელოდაც შეიკრიბა და სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯაროდ გავრცელებულ კომენტარებში, საწვავის მაღალ ფასებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა სამთავრო კომისიის წევრები მაინც მიიჩნევენ, რომ საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე გარკვეული დისკუსია შესაძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები