ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენით ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ ლოგისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. გაძვირდა როგორც საჰაერო და საზღვაო, ისე სახმელეთო გზით ტვირთის გადაზიდვა.
როგორც კერძო სექტორში აცხადებენ, ნავთობის ფასის ზრდის გამო, მაგალითად საზღვაო ხაზებმა ე.წ „აუცილებელი საწვავის გადასახადი“ დაამატეს. ფიქსირებული ტარიფები სავაჭრო გზების მიხედვით განსხვავებულია და 100-დან 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ცვლილებები შეეხო ე.წ. „აუტპორტებსაც“, რომელთა შორის საქართველოცაა. მცირე პორტებში, სადაც მიმოსვლა ფიდერული (პატარა) გემებით ხდება, დამატებითი ტარიფები უკვე ამოქმედდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო ასევე დაწესდა ისრაელში ტვირთის გადასატანად და ისრაელიდან ტვირთის ჩამოსატანად ე.წ „საომარი მოქმედებების რისკის გადასახადიც“.
ლოგისტიკის სექტორში არსებული ვითარება მხოლოდ საზღვაო გზებით არ შემოიფარგლება. გადამზიდველების ინფორმაციით, ფასები გაზრდილია სახმელეთო ტრანსპორტირებაზეც.
საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების გაძვირების გავლენით, სახმელეთო გადაზიდვების ღირებულება 20-25%-ით უკვე გაიზარდა.
„საწვავის ფაქტორი ძალიან დიდია, დაახლოებით 40%-ია მისი წილი გადაზიდვის თვითღირებულებაში და აქედან გამომდინარე საწვავზე ფასების ზრდამ გადაზიდვის ღირებულებაზე მომენტალურად იმოქმედა. ევროპაშიც დაახლოებით 25%-ით გაიზარდა ტარიფები. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს და აზიის იმ ნაწილს, სადაც ჩვენ გადაზიდვებს ვახორციელებთ, მინიმუმ 20%-ით გაიზარდა ტრანსპორტირების ღირებულება. რამდენადაც გაიზარდა საწვავის ფასი, იმავე პროპორციით იძულებული ვართ ავუწიოთ გადაზიდვის ფასებს“, -აცხადებს bm.ge-სთან გია წიფურია.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კი გაძვირებას განაგრძობს. ამჟამად Brent-ის ტიპის საწვავზე ფასი 111 დოლარამდეა გაზრდილი, რაც წინა კვირასთან შედარებით ფასის 12%-იანი ზრდაა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტამდე Brent-ის ტიპის ნავთობი ბირჟაზე დაახლოებით 70 დოლარის ფარგლებში ივაჭრებოდა.
გლობალურად საწვავის გაძვირება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია. ომამდე ამ სრუტით დღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიზიდებოდა. ამჟამად, სპარსეთის ყურეში კვლავ უძრავად რჩება 600-ზე მეტი ტანკერი, რომელთა ნახევარიც სწორედ ნავთობით არის დატვირთული.




























