კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 9 თვის მონაცემებით, საწვავის ბაზარზე ვითარება სრულად თანხვედრაშია საბაზრო ფაქტორებთან. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში საწვავის ფასის ფორმირებას უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები და ლარის კურსი.
მან ბენზინისა და დიზელის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიგნებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ფასები თითქმის გათანაბრებულია.
"ორივე მიმართულებით, წლის გარკვეულ პერიოდებში, მსოფლიო ბაზარზე ფასი იცვლებოდა ხან ზრდის, ხან კლების მიმართულებით და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარება, მთლიანობაში მიყვებოდა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტრენდს. ფასების სტაბილიზაციას და სამართლიანი ფასების ფორმირებას ხელს უწყობდა ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი და მისი გამყარების ტენდენცია. განსხვავებულად წინა წლებისგან, რაც შემიძლია გითხრათ არის, რომ მცირე ქსელებსა და მსხვილ ქსელებს შორის ბოლო პერიოდში არსებული ტენდენციების მიხედვით, ფასები თითქმის არის გათანაბრებული. თუ ადრე ფიქსირდებოდა დაახლოებით 30-40 თეთრიანი სხვაობები, ბოლო ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ბენზინ რეგულარზეა მცირე და მსხვილ ქსელებს შორის დაახლოებით 10-20 თეთრიანი სხვაობა. სხვა ტიპის საწვავს შორის შეიძლება ითქვას, რომ თანაბარი ფასებია და გარკვეულწილად, ზოგიერთი მსხვილი ქსელის ფასი უფრო დაბალიც კი არის, ვიდრე მცირე სეგმენტში არსებული ფასების წილი. თუ დავინახავთ პროპორციას, მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელებს შორის, აქ არის დაახლოებით 65-35%-ის არეალში. ასევე გაზრდილია ბაზარზე არჩევანის შესაძლებლობა, კერძოდ მსხვილ ქსელებს გააჩნიათ როგორც თვითმომსახურების ბენზინგასამართი სადგურები, ბოლო პერიოდში გაჩნდა ეს ტენდენცია და პრაქტიკულად ეს უზრუნველყოფს ფასებს შორის მნიშვნელოვან კონკურენციას მცირე სეგმენტთან მიმართებაში. ასევე რიგი მარკეტინგული აქტივობები, როდესაც იგივე სპეციალური ბარათების საშუალებით ერთგულ მომხმარებელს შეუძლია მიიღოს 15-დან 25 თეთრამდე მნიშვნელოვანი ფასდაკლებები. მთლიანობაში ბაზარი რომ შევაფასოთ, წინა წლებთან შედარებით კონკურენცია მნიშვნელოვანი და აქტიურია. წლევანდელი წლის მიხედვით ფასების ზრდის თუ კლების ტენდენცია აბსოლუტურად თანხვედრაში იყო მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან და რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ამ მიმართულებით არ იკვეთება. ასევე, თუ ჩვენ შევხედავთ ფასნამატების კორელაციას თვითონ კომპანიებს შორის, ის არის ოპტიმალური და სამართლიანი. ანუ მთლიანობაში, ცხრა თვის მონაცემების მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე ვითარება არის სტაბილური, სამართლიანი ფასები უზრუნველყოფილია და კონკურენცია არის აქტიური. თუმცა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აგრძელებს ბაზარზე დაკვირვებას და შემდგომი ანგარიში ალბათ წლის ბოლოსთვის, წლის სურათის შეჯამებით იქნება გამოქვეყნებული",- თქვა ლექვინაძემ.
მისივე განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, საწვავის იმპორტის გეოგრაფია შეცვლილია. კერძოდ შემცირებულია რუსეთიდან საწვავის იმპორტის წილი და გაზრდილია იგივე რუმინული თუ ბულგარული საწვავის წილი, ასევე გაჩენილია ახალი ქვეყნები საწვავის იმპორტის გეოგრაფიაში. როგორც ლექვინაძემ განმარტა, სწორედ ამან განაპირობა ფასების გათანაბრება ქსელებს შორის.
"წლების წინ არსებული საფასო უპირატესობა, რომელიც ჰქონდა რუსულ საწვავს და იყო საკმაოდ სოლიდური და ძირითადად მცირე სეგმენტი ამ მიმართულებით მუშაობდა და ფასთაშორისი სხვაობები აქედანაც იყო განპირობებული, ეს უპირატესობა შეიძლება ითქვას, რომ განეიტრალებულია, რადგანაც რუსეთიდან საწვავის იმპორტი გარკვეულ სირთულეებთან, შეზღუდვებთან თუ სხვადასხვა დროს გარკვეულ კვოტირებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ კომპანიებმა უზრუნველყვეს ალტერნატიული წყაროების მოძიება, რაც აბსოლუტურად იყო მოსალოდნელი, რადგანაც საქართველოში კონკურენცია ძირითადად მიმდინარეობს ფასის კუთხით და მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის თანაბარი პირობების არსებობის შემთხვევაში, უფრო ხელმისაწვდომი საწვავი. ამიტომ, თუნდაც ფასების გათანაბრება მსხვილ ქსელებსა და მცირე ქსელებს შორის უკავშირდება სწორედ იმ საფასო უპირატესობის დაკარგვას, რაც რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს გააჩნდა თუნდაც გასულ წელს. ამიტომ გაზრდილია იგივე ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საწვავის იმპორტის წილი და შესაბამისად, აღნიშნული გათანაბრება და უფრო აქტიური კონკურენცია ევროპულ თუ არაევროპული საწვავის ტიპებს შორის, სწორედ აქედან გამომდინარეა უზრუნველყოფილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურაზე და ეს გეოგრაფიაც ალბათ აქედან გამომდინარე იქნება შეცვლილი ან დარჩება იგივე, რაც დღეს გვაქვს",- ამბობს ლექვინაძე.
2025 წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთიდან 846 მლნ დოლარის 1.1 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა. თანხობრივად ნავთობის იმპორტი 4%-ით არის შემცირებული, თუმცა რაოდენობრივად მისი მოცულობა 8%-ით არის გაზრდილი. აღნიშნულის მიზეზი კი გლობალურ ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებაა, რაც განსაკუთრებულად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აღინიშნებოდა.
ნავთობის მომწოდებელ ქვეყნებს შორის საქართველოსთვის პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, საიდანაც წელს 357 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შემოვიდა. თანხობრივად რუსეთიდან საწვავის მოწოდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის შემცირებული.
2025 წლის რვა თვეში საწვავის იმპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
| # | ქვეყანა | საწვავის იმპორტი თანხობრივად | მოცულობა (ტონა) | ზრდა/კლება პროცენტულად |
| 1 | რუსეთი | $357 მილიონი დოლარი; | 510,696 ტონა; | -2% |
| 2 | რუმინეთი | $159 მილიონი დოლარი; | 211,349 ტონა; | 71% |
| 3 | ბულგარეთი | $126 მილიონი დოლარი; | 170,843 ტონა; | 19% |
| 4 | თურქეთი | $55 მილიონი დოლარი; | 59,327 ტონა; | 23% |
| 5 | აზერბაიჯანი | $50 მილიონი დოლარი | 72,954 ტონა | -29% |




























