საწვავის მარაგები რომ ამოწურულიყო, ფასი 50-80 თეთრით მოიმატებდა - ამის შესახებ BMG-სთან „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა აცხადებს.
მისი თქმით, კომპანია ყველაფერს აკეთებს საწვავის ფასების მკვეთრი ნახტომის შესარბილებლად. თუმცა, როგორც ხორავა განმარტავს, ის მატება, რაც მომხმარებელმა ავტოგასამართ სადგურებზე იხილა, მხოლოდ მინიმალური ნაწილია იმ რეალური წნეხისა, რაც საერთაშორისო ბაზარზე არსებობს.
„ჩვენ მხოლოდ სიმბოლურად გავზარდეთ მცირედით და მოლოდინები ჯერჯერობით კარგი არ გვაქვს, იმიტომ რომ ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ის ცვლილება, რაც ჩვენ ახლა განვახორციელეთ. ზრდა ალბათ გაგრძელდება, თუმცა დავაკვირდებით ტრენდსაც. იმედია აღარ გაიზრდება და შეიძლება შემცირდეს კიდეც“ - ამბობს ვასილ ხორავა BMG-სთან.
თუ რატომ არ აისახება ნავთობის დღევანდელი გაიაფება საწვავზე, ხორავა განმარტავს, რომ ნედლ ნავთობსა და მზა პროდუქტს შორის დიდი სხვაობაა.
„დღეს ბარელზე დაფიქსირდა უკუსვლა, თუმცა პლატსში ეს ჯერ არ არის გამოხატული. პლატსში ჯერ მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. დღეს კიდევ უფრო მაღალი, სარეკორდო ნიშნული იყო, სამწუხაროდ კიდევ უფრო გაიზარდა ფასი.
ჩვენ ვყიდულობთ გადამუშავებულ ნავთობპროდუქტს და ნავთობპროდუქტებში ეს უკუსვლა არ განხორციელებულა. თუმცა, ბუნებრივია, ნავთობის უკუსვლა მერე პროდუქტებზეც იმოქმედებს. თუმცა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, აღმავალი ტრენდია“
ამასთან, „ვისოლის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანიამ სტაბილურობა ძველი მარაგების ხარჯზე შეინარჩუნა და რომ არა რეზერვები, ფასების მატება გაცილებით დიდი იქნებოდა.
„არსებული ნაშთებიდან გამომდინარე, დაახლოებით, ათი დღის განმავლობაში, ბენზინზე განსაკუთრებით, სტაბილურობა შევინარჩუნეთ. ბოლო ათი დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაღალი იყო რეალიზაცია, სტაბილური ფასები გვქონდა.
ეს [მარაგები] რომ ამოწურულიყო, მაშინ ჩვენ დღეს ფასი უნდა გაგვეზარდა არა 10 თეთრით, არამედ 50 თეთრით. ასე რომ, მარაგები არ ამოწურულა, მარაგები ჩანაცვლდება ახლით და ამიტომ არის, რომ ეტაპობრივ ზრდას ვაკეთებთ. მარაგები რომ ამოწურულიყო, დღევანდელი ნიშნულები არის 70-80 თეთრით უფრო მაღალი, დიზელზე განსაკუთრებით, ვიდრე ეს იყო ათი დღის წინ“ - ამბობს ვასილ ხორავა.
მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავი გაძვირდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექტირება 7 მარტიდან დაიწყო, რიგმა ქსელმა კი ღირებულება დღეს დააკორექტირა. ბოლო ცვლილების მიხედვით, რიგ სადგურზე ფასები 2-12 თეთრით არის გაძვირებული, ხოლო ზოგიერთ ქსელში დიზელის ფასის მატება 18 თეთრია. ამასთან, საქართველოში მოქმედ სადგურებზე ფასი უფრო მეტად დიზელის ტიპის საწვავზე გაიზარდა.




























